თუ წამოვლენ მედიატორის პირობებზე, მზად ვართ საუბრისთვის, სხვა შემთხვევაში საქმეს უნდა მივხედოთ - მდინარაძე

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია მზად იქნება წამოვიდეს ევროპელი პარტნიორების შემოთავაზებულ პირობებზე, მმართველი პარტია მზად იქნება, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში განაახლოს მათთან საუბარი. როგორც მდინარაძე ამბობს, სხვა შემთხვევაში მათ უნდა მიხედონ საქმეს.

„აბსოლუტურად ვეთანხმები პრემიერს, რომ ჩვენ დრო არ უნდა დავკარგოთ ვიღაცის ახირებაზე მსჯელობისთვის. ჩვენ საქმიან რაკურსზე, საქმეზე უნდა გადავიტანოთ ჩვენი დღის წესრიგი და იმ შემთხვევაში თუ რადიკალური ოპოზიცია მზად იქნება, იმ მოლაპარაკების განახლებისთვის (სადაც არა ჩვენ, არამედ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა კონკრეტული პირობები დადეს მოლაპარაკების მაგიდაზე, რასაც პრინციპულად ვეთანხმებოდით და მზად ვიყავით, ხელი მოგვეწერა, ძალიან მცირე, რამდენიმე შენიშვნის თანხლებით), თუ ამაზე განაახლებენ საუბარს და წამოვლენ ჩვენი ევროპელი პარტნიორების პირობებზე, მაშინ ჩვენ მზად ვართ, ხელახლა ჩავერთოთ ამ მოლაპარაკებაში, სხვა შემთხვევაში ჩვენ უნდა მივხედოთ საქმეს, უამრავი პრობლემაა დაგროვილი ამ ქვეყანაში და არა მათ მიერ მოგონილი კრიზისი…

[მოლაპარაკების] შეწყვეტაზე არაა საუბარი, ჩვენ მზად ვართ, მზად ვიყავით და თუ ჩვენი ევროპელი პარტნიორების დადებულ პირობებზე იქნებიან თანახმა, ჩვენ ყველა შემთხვევაში განვაახლებთ მათთან საუბარს”, – აღნიშნა მდინარაძემ.