თურქეთმა ქვეყანაში განგაშის მეოთხე დონე გამოაცხადა და საერთაშორისო დახმარება ითხოვა

პუბლიკა

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ სამაშველო ოპერაციები გრძელდება. მაშველები ნანგრევებიდან გადარჩენილი მოქალაქეების ამოყვანას და დაღუპულთა ძიებას აგრძელებენ. თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონიდან სამაშველო ჯგუფები და ავიაცია გაგზავნა მიწისძვრის ეპიცენტრისკენ. ქვეყანაში გამოაცხადეს განგაშის მეოთხე დონე და ითხოვეს საერთაშორისო დახმარება.

სწრაფად იცვლება მსხვერპლის შესახებ ცნობებიც. ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 300-მდე ადამიანი, 2300-ზე მეტი კი დაშავდა. სირიის ხელისუფლების ცნობით, ახლანდელი მონაცემებით, სირიაში 320 ადამიანია დაღუპული და ასობით დაშავებული.

მიწისძვრას ეხმაურება სხვადასხვა ქვეყნის ლიდერიც, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლებაც. ირაკლი ღარიბაშვილმა თურქი ხალხის მიმართ თანაგრძნობა გამოხატა და დახმარება შესთავაზა.

„უდიდესი თანაგრძნობა მსურს, გამოვხატო თურქი ხალხის, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისადმი კაჰრამანმარაშში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ, აღმოვუჩინოთ მათ ნებისმიერი საჭირო დახმარება“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

თურქი ხალხის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.

„ამ მძიმე დროს საქართველო დგას თურქი ხალხის გვერდით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და გამძლეობას ვუსურვებ შემთხვევის ადგილზე მყოფებს“, – წერს ზურაბიშვილი.

მიწისძვრით დაზარალებულებს მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ასევე საბერძნეთის, ნიდერლანდების, სერბეთის, შვედეთის, აშშ-სა და ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მიწისძვრით დაზარალებულებს დახმარება შესთავაზეს.

7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელიც ღამით, 04:17 საათზე დაფიქსირდა, ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია თურქეთში აღრიცხულ მიწისძვრებს შორის.