პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი შიშობს, რომ პოლონეთის მიერ ევროკავშირის დატოვების საფრთხე რეალურია. საქმე ეხება პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის ვეტოს კანონმდებლობაზე, რომლითაც უნდა მომხდარიყო ევროკავშირის SAFE სესხის პროგრამის იმპლემენტაცია.
SAFE (მოქმედება ევროპის უსაფრთხოებისთვის) არის ევროკავშირის თავდაცვის დაფინანსების პროგრამა, რომელიც 2025 წელს დაიწყო და რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს ეხმარება სამხედრო ხარჯების სწრაფად გაზრდასა და თავდაცვის აღჭურვილობის ერთობლივად შეძენაში.
SAFE არსებითად არის ევროკავშირის 150 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფონდი, რომლის გამოყენებაც წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ იარაღის შესაძენად და თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობებში ინვესტირებისთვის, განსაკუთრებით სხვა ქვეყნებთან ერთობლივი შესყიდვების გზით.
პრემიე-მინისტრმა დონალდ ტუსკმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თქვა, რომ პოლონეთის ულტრამემარჯვენე ფრთის პარტიები: როგორც იმ პარტიებს, რომლებიც შედიან „თავისუფლება და დამოუკიდებლობა“ კოალიციაში, ასევე უმრავლესობას პარტიაში „კანონი და სამართალი“, ამერიკული მოძრაობა MAGA და ევროპული მემარჯვენე პარტიები, რომლებსაც ვიქტორ ორბანი უდგას სათვეში – ყველას უნდა „პოლექზიტი“, ანუ ის, რომ პოლონეთმა ევროკავშირი დატოვოს.
„ეს პოლონეთისთვის კატასტროფა იქნება. მე ყველაფერს გავაკეთებ ამის შესაჩერებლად“, – თქვა დონალდ ტუსკმა.
მანამდე დონალდ ტუსკმა პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ლაპარაკისას განაცხადა, რომ პოლონელი მემარჯვენეები ღიად ანტიევროპულ კურსს მისდევენ და რომ პრეზიდენტის ვეტო ამ ტენდენციის ნაწილია.
პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ SAFE-ის იმპლემენტაციის კანონპროექტისთვის ვეტოს დადების შესახებ გასული კვირის დასაწყისში განაცხადა
ნავროცკიმ ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ვეტოს დაადებდა SAFE-ს განხორციელების შესახებ კანონპროექტს და ამტკიცებდა, რომ პოლონეთმა არ უნდა აიღოს ვალი ევროკავშირის მეშვეობით.
SAFE პროგრამის ფარგლებში, პოლონეთი თავდაცვის ხარჯებისთვის თითქმის 44 მილიარდ ევროს დაბალპროცენტიან სესხებს მიიღებს, რომელთა 89 პროცენტი ადგილობრივი შეიარაღების კომპანიებისთვისაა განკუთვნილი.
მთავრობამ საპასუხოდ კაბინეტის საგანგებო სხდომის მოიწვია, რომელმაც მიიღო რეზოლუცია, რომელიც თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს SAFE-ს შეთანხმებაზე ხელის პირდაპირ მოწერის უფლებამოსილებას აძლევს.
პოლონელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ევროკომისიასთან აღნიშნულ შეთანხმებას შესაძლოა აპრილში მოეწეროს ხელი.
პარალელურად, პოლონეთში გაიმართა აქცია, რომლითაც მოქალაქეებმა პრეზიდენტის ვეტო გააპროტესტეს.
ტუსკის განცხადებასა და მიმდინარე მოვლენებზე დღეს, 16 მარტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე კითხვა დაუსვეს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რიადისლავ სიკორსკისაც.
მან ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკას სახიფათო უწოდა არა მხოლოდ პოლონეთისთვის, არამედ უკრაინის მომავლისთვის ევროკავშირში.
სიკორსკის განცხადებით, მაშინ, როცა უკრაინელები იბრძოდნენ და იღუპებოდნენ მაიდანზე ევროკავშირში გაწევრების უფლებისთვის, პოლონეთში ზოგიერთი პოლიტიკოსი ახლა ევროკავშირზე თავდასხმით ცეცხლს ეთამაშება. მისივე განცხადებით, „პოლექსიტის“ მთავარ თემად გადაქცევა გაცილებით ართულებს ისეთი ქვეყნების დარწმუნებას, როგორიცაა უნგრეთი, შეწყვიტონ უკრაინის წევრობაზე მოლაპარაკებების ბლოკირება.