უახლოეს მომავალში ანაკლიის პროექტის ახალი ინვესტორის შერჩევის პროცესი დაიწყება - პრემიერი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში ანაკლიის პროექტის ახალი ინვესტორის შერჩევის პროცესი დაიწყება.

 „მთავრობას ყოველთვის ჰქონდა უპრეცედენტო მხარდაჭერა აღნიშნული პროექტის მიმართ, ჩვენმა ხელისუფლებამ როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე გამოუცხადა ანაკლიის პროექტს სრული მხარდაჭერა. შევახსენებ საზოგადოებას, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი შეიყვანა, როგორც განსაკუთრებული პრიორიტეტი. არაერთხელ გადავადდა ძირითადი და სხვადასხვა ვალდებულება. მათ შორის, ძირითადი ვალდებულებები გადავადდა სამჯერ, ასევე მთავრობამ გამოისყიდა და გადასცა 58 მლიონი ლარის ღირებულების საინვესტიციო ტერიტორია. ასევე ჩვენ ავიღეთ პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის ვალდებულებაც. ასევე, გზების დეპარტამენტს ეს პროექტი უკვე მზად აქვს.

გარდა ამისა, დამატებით „საპარტნიორო ფონდი“ მზად იყო, ინვესტორისთვის გამოეყო სუბორდინირებული სესხი 100 მილიონი დოლარის ოდენობით, იმ პირობით, რომ ინვესტორი შეძლებდა აღებული ვალდებულების შესრულებას. თუმცა, სამწუხაროდ, ინვესტორმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, მათ ვერ შეძლეს საჭირო კაპიტალისა და 400 მილიონი დოლარის ოდენობის სასესხო დაფინანსების მოძიება. ჩვენ ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს დავიწყებთ უახლოეს მომავალში. ეკონომიკის სამინისტრო შესაბამისი სატენდერო სააგენტო ტენდერის გამოსაცხადებლად დაიწყებს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს, დაიქირავებს საერთაშორისო კონსულტანტს, რომელიც დახმარებას გაგვიწევს ინვესტორის შერჩევის პროცესში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.