უცნობი პირები საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსანტებს უკავშირდებიან - ცესკო

პუბლიკა

საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსის პროცესის ხელის შეშლის მცდელობასთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს.

ცესკოს ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსანტებს უცნობი პირები საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით უკავშირდებიან, სხვადასხვა ინფორმაციის მოპოვების მიზნით.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ თხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კონკურსანტებს, რომ საეჭვო ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ საარჩევნო ადმინისტრაციას და გადაამოწმონ ინფორმაცია“, – აცხადებს ცესკო.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ მხარეებს, დაინტერესებულ პირებს, ნუ შეეცდებიან მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას და ნუ გამოიყენებენ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელს.