უგულავას ხედვით, ენმ უნდა გახდეს „ქოლგა პარტია“, რომელიც სხვა პატარა პარტიებს გააერთიანებს

პუბლიკა

პოლიტიკოს გიგი უგულავას ხედვით, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია უნდა გახდეს „ქოლგა პარტია“, რომელიც სხვა ოპოზიციურ პარტიებს გააერთიანებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, რომელიც მემკვიდრეა ეროვნული მოძრაობის ხაზისა, ასე ვთქვათ, რომელიც დღევანდელობაში ებრძვის საბჭოთა გადმონაშთს – „ქართულ ოცნებას“. ის არის დიდი პარტია და „ქოლგა პარტია“ არის ტერმინი, რომელიც, ამერიკაში გამოიყენება, მაგალითად, არსებობს „ქოლგა პარტია“, სადაც არსებობს რამდენიმე ფრაქცია, რომელიც ერთმანეთთან  საჯარო და ღია კონკურენციაშია.

ეს რეფორმა ენმ-ს კიდევ უფრო მეტ ამომრჩეველს და პოლიტიკურად აქტიურ მეტ ადამიანს მოუყვანს“, – განაცხადა გიგი უგულავამ „TV პირველთან“.

თავისი ხედვის შესახებ გიგი უგულავამ უფრო ვრცლად სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ისაუბრა.

უგულავას შეფასებით, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ორპოლუსიანობა არა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ დანარჩენი პარტიების პრობლემაა.

მისი თქმით, პატარა პარტიები უნდა გამოვიდნენ „შუაშიზმიდან“.

„ასეთი საარჩევნო ერთეული არ არსებობს. არსებითად ორპოლუსიან სიტუაციაში არც ის ვარ, არც ეს პოზიციაზე, პასუხია – აბა რა ჩემი ფეხები ხარ?! ასე გამოიყურება „შუაშიზმი“ არჩევნების დღეს“, – წერს უგულავა.

„წარმოვიდგინოთ რომ შემდეგ არჩევნებზე, ენმ-ისა და „ოცნების“ გარდა, არის ბლოკი, რომელიც აერთიანებს „ლელოს“, „გახარია საქართველოსთვის“, გიორგი მარგველაშვილს, გიორგი კვირიკაშვილს, ირაკლი ალასანიას, დავით ბაქრაძეს, გიორგი ვაშაძეს. ეს იქნებოდა „თეთრსაყელოიანთა“, უფრო ზუსტად კი „ჰალსტუხიანთა პარტია“.

რეალურად, აქ თავს მოიყრიდა დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული ქართული ბიზნესისა და სახელმწიფო მოხელეთა ერთობა, დიდი პოლიტიკური და ბიზნესგამოცდილებით. ამ ბლოკის მიმზიდველობა ის არის, რომ მას რეალურად შეუძლია, ხმები წაართვას „ოცნებას“. მეტიც „ოცნებას“ წაართვას პოლიტიკური ბიოგრაფია და დატოვოს კობახიძე-ღარიბაშვილის ამარა.

დღევანდელი ოპოზიციური დისკურსით – „ოცნებამ“ დაღუპა ქვეყანა“ – ჩვენ „ოცნების“ ამომრჩეველთან ვერ მივდივართ. სამაგიეროდ, გახარიას თუ მარგველაშვილს აქვს სრული შესაძლებლობა, თქვას, „ამ საქმეში „ოცნებამ“ ივარგა, ამ დროს „ოცნებამ“ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო ბოლოში ყველაფერს გადაუხვია და ავტორიტარიზმში ჩაეფლო“.

ეს ბლოკი 20-25% ის ფარგლებში აიღებს, მყარად იდგება თავის ფეხზე. აღარ იქნება შუაში მოყოლილი შუაშისტი. კოალიციის შემთხვევაში, ეს უკვე სულ სხვა, რეალური და არადეკორაციული, მოთამაშეა. ეს ბლოკი იქნება მძლავრი პოლიტიკური „ცენტრი“. რაც მთავარია, ასეთ ბლოკს აქვს რესურსი „ოცნების“ მოედანზე თამაშის და ასევე ოპოზიციაში არანაცური ხმების კონსოლიდაციის“, – წერს უგულავა.

მისი ხედვით, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები საერთო გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ, რეგიონალურ საკითხებზე უნდა მსჯელობდნენ.

„დებატები შეიძლება იყოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე, საპენსიო ფონდის მიზანშეწონილობაზე და ბევრ ისეთ საკითხზე, სადაც გამოჩნდება, რომ “პატარა პარტიების” უმრავლესობა იმიტომაა პატარა, რომ მათ ლიდერებს არ შეუძლიათ/არ უნდათ თავის „პატარა პოზიციის” დათმობა. ამიტომ, მყარად მაგრამ არანაცურმა ოპოზიციურმა ამომრჩეველმა და მედიამ ამ პროცესს უნდა შეუწყოს ხელი. გვინდა ცვლილება/რიგგარეშე არჩევნები, მაშინ ვიმუშაოთ ამ მიმართულებით“, – წერს ის.

გიგი უგულავას ხედვით, უნდა შეიცვალოს „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა სტრუქტურაც. პარტიის პოლიტიკური საბჭო უნდა მუშაობდეს როგორც პარლამენტი, ფრაქციებით, კომიტეტებითა და სამდივნოთი. შიდა დისკუსიები უნდა იყოს საჯარო.

უგულავას რწმენით, ასეთი სტრუქტურა მიიზიდავს პატარა პარტიებს მათ გაუჩნდებათ მოთხოვნა, „დიდი ხომალდის“ ნაწილი გახდნენ.

„ოცნება“ სულ უფრო სწრაფად ჩაეფლობა საკუთარ ტკბილ უბედურებაში. ის კრიზისიდან ვერ გამოვა. „ოცნება“ შეეცდება, ქრონიკულ კრიზისში იარსებოს და ამყოფოს ქვეყანა. ამიტომ, ჩემი აზრით, ოპოზიციის სწორი გადაჯგუფებით, შიდაოპოზიციური, საგნობრივი დებატებით, საერთო კონტურების გამოკვეთით მივალთ იმ ფორმამდე რომ დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. წამოვიწყოთ შიდა ოპოზიციური დისკუსიები, როგორ უნდა მივიდეთ გამარჯვების სწორ ალგორითმამდე. რა უნდა გააკეთოს ამისთვის ცალკე ენმ-მ და ცალკე სხვა პატარა პარტიებმა. ნუ შეგვეშინდება შიდა ოპოზიციური დისკუსიის. ის ყველა შემთხვევაში სჯობს შიდა ოპოზიციურ დაპირისპირებას“, – წერს გიგი უგულავა.

როგორ მიიღეს გიგი უგულავას ინიციატივა პოლიტიკურმა პარტიებმა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერს, გია ბარამიძეს სჯერა, რომ პოლიტიკური პარტიები ერთად „ქართულ ოცნებას“ არჩევნებშიც დაამარცხებს და ხელისუფლებასაც წაართმევს. პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით კი, თუ იქნება მზაობა სხვა პარტიების მხრიდან, ენმ დისკუსიისთვის მზად არის. რომან გოცირიძე კი აცხადებს, რომ ხელისუფლებას კოალიცია შეცვლის, თუმცა რა ფორმით იქნება ეს კოალიცია, ამაზე საუბარი ნაადრევია.

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას პოზიციაა, რომ „არანაირი ქოლგის ქვეშ, მით უმეტეს, ნაცმოძრაობასთან“ თავს არ მოიაზრებს. მისი შეფასებით, „ამ ტიპის გამსხვილება, ორივე მხარეს პოლარიზაცია ივანიშვილის რეჟიმის ინტერესშია“.

იმავე აზრზეა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე.

მისი შეფასებით, უგულავას შემოთავაზებული სტრატეგია არასწორია, რადგან თუ ყველა განსხვავებული პარტია ერთ ქოლგაში გაერთიანდება, ეს იქნება ის, რაც „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ ყველას ერქვას „ნაციონალური მოძრაობა“.

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი გაერთიანების მომხრეა.

„ლელოს“ წარმომადგენლის, ფიქრია ჩიხრაძის „ლელო“ პარტიებთან თანამშრომლობისთვის მზად არის, თუმცა მხოლოდ „თანაბარუფლებიანი პარტნიორობის“ ფარგლებში.

ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრობასთან“ თანამშრომლობის „მწარე გამოცდილება ოპოზიციამ ძალიან კარგად გაიზიარა“.

„მე მგონია, რომ ეს მწარე გამოცდილება ოპოზიციამ ძალიან კარგად გაიზიარა, როდესაც ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში აღმოჩნდნენ და რა მიიღეს ამით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ საკუთარ თავსა და საკუთარი პარტიის წარმომადგენელზე იწვნია. შესაბამისად, ვფიქრობ, ოპოზიციამ ჭკუა ისწავლა, თუ როგორ უნდა იმოქმედოს, რა უნდა გააკეთოს. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაიმონოს ყველა ოპოზიციური პარტია, მათი ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, შემდეგ „აბულინგოს“ ტელევიზიებით.

ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, რა განცხადებებს აკეთებდნენ, როგორი ბულინგი მიდიოდა, როგორ ატერორებდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებს, თუნდაც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ხომ გვახსოვს, ეს ყველაფერი? ავიღოთ მარტივი, ელისაშვილის პარტიის მაგალითი, რა უქნეს ბიჭს?! გადაუარეს, გაანადგურეს, დღეს თვითონ შევიდნენ პარლამენტში. ეს არის რეალობა“, – განაცხადა კალაძემ.