უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ძირითად პრინციპებზე პარლამენტში შეთანხმება შედგა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“, ოპოზიციური ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წევრებს  შორის უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე სამუშაო შეხვედრა დასრულდა.

დეპუტატ ანა ბუჩუკურის განცხადებით, პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება შედგა. მისი ინფორმაციით, აზრთა სხვადასხვაობა იყო ტერმინოლოგიებთან დაკავშირებით, რასაც საპარლამენტო უმრავლესობა ხელახლა წარადგენს. ბუჩუკურის თქმით, რეზოლუციის პროექტი პარლამენტში, სავარაუდოდ, დღეს დარეგისტრირდება.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, რეზოლუციის ტექსტზე არსებობს გარკვეული შენიშვნები, რომლებზეც მსჯელობა დღის ბოლომდე დასრულდება.

„სულისკვეთება, რომ ერთიანობა ყოფილიყო, ვფიქრობ, შედგა, რამეთუ პრინციპების დონეზე ყველა ის მოსაზრება, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს გვქონდა, გათვალისწინებული იყო შეხვედრის დროს. ტექსტი „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა. ახლა უკვე არის დანარჩენი პროცესი – ტექსტის საბოლოო ენის დასრულების და იმედი მაქვს, ერთიანი სულისკვეთებით რეზოლუციის ინიცირებას მოვახდენთ“ , – განაცხადა თეონა აქუბარდიამ, „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა კი იმედოვნებს, რეზოლუციაში ხაზგასმით ჩაიწერება, რომ უკრაინაში რუსული აგრესია მიმდინარეობს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია და უმრავლესობა პრინციპულ საკითხებზე შეთანხმდა. შესათანხმებელია მხოლოდ დეტალები, მათ შორის, ტერმინოლოგია.

მისი განმარტებით, საბოლოო შეთანხმების შემთხვევაში, დღის ბოლომდე რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდება.

„თუ ჩვენ შევთანხმდებით იმ ტექსტზე, რომლის პრინციპებზეც წინააღმდეგობა ვერავინ ვერ გასწია დღეს,  ეს იმას ნიშნავს, რომ გვექნება საერთო ტექსტი და საერთო რეზოლუციად დარეგისტრირდება, ხოლო თუ იმ დეტალების გამო ვინმე უარს იტყვის, ბუნებრივია, ჩვენ დავარეგისტრირებთ ჩვენს ვერსიას, გავიტანთ და დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერაც ექნება“, – განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის ინიციატივას კიევში ვიზიტის შესახებ, ამაზე „ქართული ოცნების“ ლიდერმა მედიის შეკითხვებს აღარ უპასუხა.

NATO-ში გაწევრების რეზოლუციასთან დაკავშირებით კი მდინარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ეს მიზანი კონსტიტუციაში აქვს ჩაწერილი.