უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი: უკრაინა არ ერევა და არ ჩაერევა საქართველოს საშინაო საქმეებში

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ​ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ სუსის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „უკრაინის სახელმწიფო არ ჩარეულა, არ ერევა და არ გეგმავს, ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში”. 

ნიკოლენკოსვე თქმით:

სუსის განცხადება სახელმწიფო გადატრიალებაში უკრაინული მხარის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ სწორი არ არის. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, შიდაპოლიტიკური საკითხების მოსაგვარებლად, უკრაინის დემონიზებას ცდილობს”.

18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მორიგ ჯერზე განაცხადა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა იგეგმება. უწყების მტკიცებით, „დესტაბილიზაციას გეგმავენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც მოქმედებენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ“. მათი განცხადებით, არეულობის მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაასახელა კონკრეტული გვარებიც: შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილეა. ასევე, მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი.