ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დღეს, 22 ივლისს დაამტკიცეს გაერთიანებული სამეფოს მონაწილეობა უკრაინის მხარდამჭერი სესხის პროგრამაში – ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს მოცულობის მექანიზმში, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ყველაზე გადაუდებელი საჭიროებების დაფარვას 2026 და 2027 წლებში.
„ევროკავშირის სოლიდარობა უკრაინის მიმართ ირლანდიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღევანდელი გადაწყვეტილება ასახავს ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს საერთო ერთგულებას, მხარი დაუჭირონ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, რათა დასრულდეს რუსეთის უკანონო აგრესიული ომი და დამყარდეს ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. გაერთიანებული სამეფოს მონაწილეობა უკრაინის მხარდამჭერ სესხში უკრაინას საშუალებას მისცემს, თავდაცვითი პროდუქცია ბრიტანელი მწარმოებლებისგანაც შეიძინოს, რაც უზრუნველყოფს ქვეყნისთვის საკუთარი მოქალაქეების დასაცავად აუცილებელ შესაძლებლობებს“, – განაცხადა ჰელენ მაკენტმა – ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა. სწორედ ირლანდიაა ახლა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა.
გადაწყვეტილების შედეგად, უკრაინა სესხის ფარგლებში მიღებული დაფინანსებით შეძლებს ბრიტანულ თავდაცვით ინდუსტრიაში წარმოებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო პროდუქციის შესყიდვას, ევროკავშირის, ევროპის ეკონომიკური ზონისა და EFTA-ს წევრი ქვეყნების, ასევე სხვა დამტკიცებული მესამე ქვეყნების მოქმედი ჩარჩოს დამატებით.
საერთო ჯამში, სესხის ფარგლებში 60 მილიარდი ევრო გამოიყოფა, რათა უკრაინამ განავითაროს თავდაცვითი ინდუსტრიული შესაძლებლობები მათ შორის თავდაცვითი პროდუქციის შესყიდვის მიმართულებით, 30 მილიარდი ევრო კი უკრაინას პირდაპირი ეკონომიკური და საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით გადაეცემა.
შედეგად, უკრაინა თავდაცვითი პროდუქციის შეძენას უფრო ფართო წრის მწარმოებლებისგან შეძლებს, რაც მას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მდგრადობისთვის საჭირო შესაძლებლობებით უზრუნველყოფს.
გადაწყვეტილება მოჰყვა 13 ივლისს ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის გაფორმებულ ფინანსური წვლილის შესახებ შეთანხმებას.
ევროკომისიის თანახმად, ლონდონმა აიღო ვალდებულება, სესხის მოზიდვასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად სამართლიანი და პროპორციული ფინანსური წვლილი შეიტანოს; ბრიტანეთს ევროკავშირთან აქვს გაფორმებული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობა; და უკვე უწევს უკრაინას მნიშვნელოვანი ფინანსური და სამხედრო დახმარება.
ევროკავშირის საბჭო გაერთიანებული სამეფოს მონაწილეობას წერილობითი პროცედურის მეშვეობით ოფიციალურად უახლოეს დღეებში დაამტკიცებს. გადაწყვეტილება ძალაში შევა იმავე დღეს, როდესაც ის ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება.
უკრაინის მხარდამჭერი სესხის პროგრამა მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინას უზრუნველყოფს პროგნოზირებადი ფინანსური მხარდაჭერით, როგორც საბიუჯეტო დახმარების, ისე თავდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად.
ამ დროისთვის პროგრამის ფარგლებში უკვე გაცემულია 8.1 მილიარდი ევრო, საიდანაც 3.2 მილიარდი ევრო საბიუჯეტო დახმარებაა, ხოლო თითქმის 4.9 მილიარდი ევრო თავდაცვის საჭიროებებს მოხმარდა.
ევროკომისიას მოლოდინი აქვს, 2026 წელს უკრაინის თავდაცვითი ინდუსტრიული შესაძლებლობების გასაძლიერებლად გამოყოფილი 60 მილიარდი ევროს პაკეტიდან 28.3 მილიარდი ევრო იქნება გაცემული.