უმრავლესობას არასამთავრობოების მიმართ ნეიტრალური ან დადებითი განწყობა აქვს - NDI

პუბლიკა

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ნეიტრალური ან დადებითი განწყობა აქვს.

გამოკითხულთა 32% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, 26% – არ ეთანხმება, ხოლო 25% – არც ეთანხმება და არც არ ეთანხმება. 17%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

ენჯეოების მიმართ გამოკვეთილად ნეგატიური განწყობებით არცერთი დემოგრაფიული ჯგუფი არ ხასიათდება, თუმცა ახალგაზრდებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს მათდამი შედარებით უფრო დადებითი განწყობები აქვთ.

როგორც ფოკუს ჯგუფების ანალიზის შედეგედ მიღებული მონაცემები აჩვენებს:

  •  საქართველოში მოქმედი ენჯეოების მიმართ დადებითი დამოკიდებულება, ძირითადად, სერვისის მიმწოდებელი ენჯეოების დამსახურებაა;
  • სამივე ტიპის ჯგუფში გაუჭირდათ კონკრეტული ენჯეოების დასახელება; თუმცა ყველა ჯგუფში შეძლეს ენჯეოების მიერ გაწეული დახმარების შესახებ პირადი ან გადმოცემით გაგებული ისტორიის გახსენება;
  •  ყველა ჯგუფში მონაწილეებს მიაჩნდათ, რომ ენჯეოებს და მათ დონორებს არაერთი სფეროს განვითარებაში შეაქვთ წვლილი, მათ შორის: ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და მსხვერპლთა მხარდაჭერა, სოფლის მეურნეობის პროექტები, სტარტაპებისა და მცირე ბიზნესის მხარდაჭერა, ქალთა უფლებები, შშმ პირთა უფლებები და სხვა.

კვლევის საველე სამუშაოები მიმდინარე წლის 17-23 მარტს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ჩატარდა სულ 1 032 დასრულებული ინტერვიუ (14% გამოპასუხება). კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) წარმომადგენლობითია. შედეგების ცდომილების ზღვარი 2%-ია.

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.