„უმსგავსობას მოჰყვა კიდევ უფრო მეტი უმსგავსობა“ - კობახიძე გუშინდელ ინციდენტზე

პუბლიკა

„იყო თავდასხმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერზე, რომელსაც მიაყენეს მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა და ამ უმსგავსობას მოჰყვა კიდევ უფრო მეტი უმსგავსობა, სამწუხაროდ, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ჩვენს შტაბთან არიან დაკავშირებული, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, ვგმობთ“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე მარნეული-ბოლნისის გზაზე გუშინ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც კახა ოქრიაშვილის შტაბის წევრის მანქანას ესროლეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, აუცილებელია, ასეთ შემთხვევებზე იყოს სამართალდამცავების სათანადო რეაგირება, მიუხედავად იმისა, რომელი პარტიის მხარდამჭერია კანონდამრღვევი.

„ჩვენი მოწოდებაა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს არის ის, რომ უნდა იყოს სათანადო რეაგირება. ვინც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, რა თქმა უნდა, ისინი უნდა დაისაჯონ, ვინც ამაზე არასწორი პასუხი გასცა, არასწორი რბილი სიტყვაა ასეთ შემთხვევაში, ისინიც აუცილებლად უნდა დაისაჯონ“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნულ ოლქში პროვოკაციები ხშირად ხდება და მან მოუწოდა კახა ოქრიაშვილს და მის მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან.

„ცდილობენ, გააფუჭონ საარჩევნო გარემო. ხედავენ, რომ აგებენ არჩევნებს. კახა ოქრიაშვილი თავს იწონებდა, რომ იყო მუდმივი მაჟორიტარი. ნიკა მელია მას უწოდებდა ფეოდალს. ოქრიაშვილი „ოცნებიდან“ გაძევებული იქნა იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ დაუჭირა მხარი და ის არის დღეს ნაცმოძრაობის კანდიდატი… ეს არის ნაცმოძრაობის ბუნება“, – განაცხადა კობახიძემ.


მარნეული-ბოლნისის ოლქში გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის განცხადებით, გუშინ, 19 ოქტომბერს მისი მხარდამჭერის მანქანას ესროლეს.

ლევან მიქელაძე, ვისი მანქანის მიმართულებითაც გაისროლეს, ამბობს, რომ თავდამსხმელებს შორის ერთ-ერთი საკრებულოს წევრი ბექა წაქაძე იყო. როგორც ის იხსენებს, მის ავტომანქანას ორმა მანქანამ მოძრაობა შეუზღუდა, ერთ-ერთი დაეჯახა კიდეც, შემდეგ კი უკნიდან 6 გასროლის ხმა გაიგონა.

„გაიგეს 6 გასროლა და ერთი ნატყვიარი აქვს მანქანას. კიდევ კარგი, არ მოხვდა ან ერთს, ან მეორეს. ეს აღარ არის არჩევნები, არჩევნები არის არალეგიტიმური. საიდანაც მანქანები დაედევნენ, იქ კამერებია და იმედი გვაქვს, იქნება კამერებით დაფიქსირებული, ვინ აედევნა“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.