„უსამართლოა“ - კულება პაპი ფრანცისკეს სიტყვებზე დარია დუგინას შესახებ

პუბლიკა

„ომის სიგიჟე – ვფიქრობ იმ საბრალო გოგოზე, რომელიც მანქანის სავარძლის ქვეშ დამაგრებული ბომბით აფეთქდა. უდანაშაულო იხდის ომისთვის, უდანაშაულო! დავფიქრდეთ ამ რეალობაზე და ერთმანეთს ვუთხრათ: ომი სიგიჟეა“, – დარია დუგინას შესახებ ეს სიტყვები რომის პაპს ეკუთვნის.

vaticannews-ზე 24 აგვისტოს გამოქვეყნებული მისი სიტყვის მიხედვით, პაპმა უკრაინაში კონფლიქტის 6 თვის თავზე მსხვერპლის შესახებ ისაუბრა.

პაპის ამ განცხადების შემდეგ, 25 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოიწვია სამოციქულო ნუნცია, არქიეპისკოპოსი ვისვალდას კულბოკასი, რათა გამოეხატა იმედგაცრუება „რუსული სამყაროს იდეოლოგის ქალიშვილის, დარია დუგინას შესახებ“ პაპ ფრანცისკეს სიტყვებით.

„ჩვენ ყურადღებით გავეცანით პაპის ციტატას და, უპრველესად, მივიღეთ გადაწყვეტილება, საგარეო საქმეთა სამინისტროში მოვიწვიოთ სამოციქულო ნუნცია, რათა გამოთქვას იმედგაცრუება ამ სიტყვებით“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

კულება ასევე გაახმოვანა ინფორმაცია, რომ პარასკევს ნუნცია იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში. უკრაინის დიპლომატიის მეთაურმა აღნიშნა, რომ თავისთავად ნუნციის სამინისტროში მომწვევა არის საკმაოდ უპრეცედენტო შემთხვევა და უკვე მეტყველებს თავის თავზე.

„მეორეც, ვიტყვი, რომ უკრაინას გული ეგლიჯება პაპის სიტყვებით. ეს იყო უსამართლო“, – დაამატა მინისტრმა.

„ამასთან გაუგებრობას იწვევს პონტიპიკოსის გადაწყვეტილება, რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში მოიხსენოს რუსეთის მოქალაქის სიკვდილი, რომელთანაც უკრაინას არავითარი კავშირი არ ჰქონია“, – აღნიშნეს სამინისტროში.

აქვე ყურადღება მიექცა იმას, რომ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პონტიფიკოსს არასოდეს გაუმახვილებია ყურადღება ომის მსხვერპლებზე, რომელთა შორისაც რუსი ოკუპანტების ხელით დაღუპული უკვე 376 უკრაინელი ბავშვია.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში წმინდა სატახტო თავს შეიკავებს უსამართლო გამოთქმებისგან, რაც უკრაინელი საზოგადოების გულისტკივილია.