ვაკეში ერთ ღამეში ტროტუარებთან დამაგრებული დაახლოებით 32 ბოძკინტი დააზიანეს – კალაძე

ვასკა მათითაიშვილი

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ვაკეში ტროტუარებზე დამაგრებული დაახლოებით 32 ბოძკინტი მოქალაქეებმა ერთ ღამეში მოჭრეს. როგორც კალაძე ამბობს, აღნიშნული დგარები მერიამ ტროტუარებზე მანქანების დაყენების თავიდან ასარიდებლად დააყენა.

„ვიცით, ჩვენ რამხელა პრობლემა იყო ტროტუარებზე, როდესაც ის ჩვეულებრივად საპარკინგე ზონად იყო გამოყენებული. ადამიანს შეიძლებოდა, ვერ გაევლო, ქვეითად მოსიარულეს. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, ამ ტროტუარების ჩაკეტვა სპეციალური დგარებით, ეგრეთ წოდებული ბოძკინტებით და ერთ ღამეში დაახლოებით 32… ბოძკინტი იყო მოჭრილი. ზოგ შემთხვევაში მანქანით აზიანებდნენ, ზოგ შემთხვევაში მოჭრილი იყო. …ეს ხომ ისევ ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის კეთდება. რა გავაკეთოთ? კედლები ამოვაშენოთ, თუ როგორ მოვიქცეთ, რომ ადამიანებმა თავისუფლად შეძლონ ტროტუარებზე გადაადგილება და ავტომობილები არ შევიდნენ?!“, – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე.