ვაკის პარკში, რეაბილიტაციის დროს, შინაური ცხოველებისთვის სასეირნო სივრცე გამოიყოფა - მერია

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რეაბილიტაციის პერიოდში ვაკის პარკში გამოიყოფა ტერიტორია, სადაც შინაური ცხოველების გასეირნება იქნება შესაძლებელი.

როგორც კახა კალაძემ მთავრობის მუნიციპალიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის პარკი სრულად დაიკეტა.

„ადგილობრივ მცხოვრებლებთან გვქონდა კომუნიკაცია და მათი მოთხოვნა იყო, გამოგვეყო გარკვეული სივრცე საიმისოდ, რომ ცხოველების გასეირნება შესაძლებელი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ.

ამ კომუნიკაციის შედეგად, დღეიდან გამოიყოფა ტერიტორია, სადაც შინაური ცხოველების გასეირნების საშუალება მიეცემათ ადამიანებს, რეაბილიტაციის პერიოდში.  ჩემი თხოვნა იქნება, რომ საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ამ სივრცისა და მისი მდებარეობის შესახებ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2021 წლის ბოლოსთვის იგეგმება.