ვაკის საოლქო კომისიასთან ინციდენტის დროს 4 პირი დააკავეს - შსს

პუბლიკა

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ვაკის #2 საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაპირისპირების დროს 4 პირი დააკავეს. მედიის ინფორმაციით, მათ შორისაა ზვიად კუპრავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 4 პირი დაკავებუია 166-ე და 173-ე მუხლებით (ხულიგნობა და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობა).

თბილისში, ვაკის #2 საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც სხდომა მიმდინარეობს ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები შეიკრიბნენ. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომისიამ არ დააკმაყოფილა მათი საჩივრები, რომელთაც თან ერთვოდა მტკიცებულებებიც.

ხმაური მოჰყვა კომისიის შენობასთან ზვიად კუპრავას მისვლას. ის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში იმ ადამიანების შეშვებას ითხოვდა, რომელთაც შესაბამისი მოწმობები ჰქონდათ, ასევე ითხოვდა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, ბესიკ ლაჩაშვილთან შეხვედრას და აცხადებდა, რომ მისთვის მტკიცებულებების გადაცემას აპირებდა, რომელიც არჩევნების გაყალბებას ასახავდა.

მას შემდეგ რაც კუპრავას კომისიის თავმჯდომარე არ შეხვდა, კუპრავამ საარჩევნო ოქმები პოლიციელებისა და საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის მიმართულებით ისროლა, რასაც ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.