ვაშაძე: 8 მარტის შეთანხმებასავით ნახევრად შესრულება ვეღარ გამოვა

პუბლიკა

გუშინ საღამოს, 8 საათზე, პრეზიდენტის სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

მისი თქმით, შარლ მიშელმა პირად კონტროლზე აიყვანა ეს საკითხი და გუშინ გამართულ შეხვედრებზე არაერთხელ თქვა, რომ მისი პირადი მონაწილეობა ამ შეხვედრაში გარანტიაა შეთანხმების, რადგან ის ამ პროცესში 27 ევროპული ქვეყნის სახელით მონაწილეობს.

„მარტივად რომ ვთქვათ, 8 მარტის შეთანხმებასავით ნახევრად შესრულება ან 90%-ით შესრულება ვერ გამოვა. უბრალოდ ვერ გამოვა, იმიტომ, რომ გვექნება ევროკავშირის ყველაზე მაღალი დონის მხარდაჭერა ამ საკითხზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ეს ფორმატი სხვა შეხვედრების ფორმატისგან იმითაც განსხვავდება, რომ შეხვედრის ფასილიტატორ მხარეს შეუძლია თვითონაც წარმოადგინოს სხვადასხვა საკითხის გადასაჭრელად წინადადებები და შეიძლება ეს წინადადებები არ მოდიოდეს მხარეებისგან.

„ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ ნდობა „ოცნების“ მიმართ ძალიან დაბალია და რომ შეიძლება მოხდეს შეთანხმება და არ შეასრულოს. რაზეც მან განაცხადა, რომ თვითონ, პირადადაც იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა მხარე შეასრულებს შეთანხმებებს, რაზეც ხელი იქნება მოწერილი.

მეორე საკითხია ფასილიტაციიდან მედიაციისკენ, რას ნიშნავს ეს ? მედიატორს შეუძლია თავადად დადოს ალტერნატიული წინადადებები მოლაპარაკების მაგიდაზე და არა მხოლოდ მხარეებმა.

მესამე ამ მაგიდაზე განიხილება ყველა საკითხი, რომელზეც აქამდე იყო მსჯელობა. ჩვენ გავუსვით ხაზი, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების და ვადამდელის საკითხი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის შეფასებით, გუშინ გამართული შეხვედრა რამდენიმე მიზეზის გამო იყო რთული.

„რთული შეხვედრა იყო, მარტივი არ იყო. რამდენიმე საკითხის გამო იყო რთული. პირველი ეს შედგა პრეზიდენტის სასახლეში და იქაც ვუთხარით, რომ არა თქვენი ვიზიტი, ჩვენ აქ ნამყოფი არ ვართ. მეორე რომ ღარიბაშვილი წარმოადგენდა, რომელთანაც დიალოგი არ გვქონია და ყველაზე მეტი რადიკალიზმით გამოირჩევა „ოცნების“ მხრიდან, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ამ შეხვედრაზე ყველაზე ნაკლებად რადიკალური ტონი იყო, რაც კარგია. მაინც იყო წარსულზე საუბარი”,  – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ახლა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას აქვს ორკვირიანი ვადა მოლაპარაკებებისთვის.

„ეს არის ორკვირიანი ბლიცი. ახლა აქ წინაპირობებზე საუბარი წარმოუდგენელია, იმიტომ, რომ არის მოკლე ვადა აღებული იმისთვის, რომ შეთანხმებას ან ვაღწევთ, ან არ ვაღწევთ. მანაც [შარლ მიშელმა] იგივე გვითხრა, რომ ან აგრძელებთ დიალოგს ჩვენი შუამავლობით, ან არა. თქვენი გადასაწყვეტია. ჩვენ ვერაფერს დაგაძალებთ. შესაბამისად, ასე შევთანხმდით, რომ ვაგრძელებთ. ჩვენთვის პრინციპული იყო, რომ ის ორი საკითხი [ვადამდელი და პოლიტპატიმრები] იყო ჩამონათვალში. ეს ნიშნავს, რომ ამ ორ საკითხთან მიმართებით გადაწყვეტა უნდა იყოს“, – განაცხადა ვაშაძემ.

გუშინ შეხვედრის დასრულების შემდეგ  შარლ მიშელმა განაცხადა, რომ 2 კვირაში იქნება ასოცირების საბჭოს შეხვედრა ბრიუსელში, სადაც მხარეებს შორის მოლაპარაკების მიმართულებით პროგრესს დააკვირდებიან.

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიატორობით გამართულ შეხვედრაზე ხელისუფლებასთან შეთანხმდნენ განსახილველი საკითხების ჩარჩოზე. მისი თქმით, დღის წესრიგში არის 6 საკითხი, მათ შორისაა პოლიტპატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების თემა.