ვაშაძის დასახელებული მიზეზები, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უმძიმესი დიაგნოზია - თალაკვაძე

პუბლიკა

გრიგოლ ვაშაძის მიერ დასახელებული მიზეზები, თუ რატომ დატოვა პარტია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უმძიმესი დიაგნოზია, – ამის შესახებ „პირველ არხს” პარლამენტის თავჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

„გრიგოლ ვაშაძის მიერ დასახელებული მიზეზები, თუ რატომ დატოვა პარტია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უმძიმესი დიაგნოზია: ანტიდასავლური კამპანია და თავდასხმა პარტნიორებზე; ოდიოზური ფიგურების დაბრუნება; პარტიული სტრატეგიის არარსებობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა” დატოვა. ამის შესახებ დღეს დილით გახდა ცნობილი.

„არ ვეთანხმები პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას.

კიდევ უფრო მიუღებელია ჩემთვის პარტიული სტრატეგიის არარსებობა. ეს მხოლოდ ე.წ. „ქართულ ოცნებას” აძლევს ხელს.

ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასადროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას.

შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან”, – წერს ვაშაძე.