ველოდებით სამხარაულის დასკვნას, რომელიც მნიშვნელოვან სიცხადეს შეიტანს ამ საქმეში - ტიკარაძე მეგი ბაქრაძეზე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებს პასუხობს. ეკატერინე ტიკარაძე დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში მოხსენებით გამოვიდა.

მინისტრმა ახალციხეში გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის შესახებ დეპუტატის კითხვაზე – თუ რა ეტაპზეა საქმის მოკვლევა – განაცხადა, რომ ისინი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.

„ახალციხის ექთნის საქმე,  ეს არის მთელი საზოგადოების წუხილი, განსაკუთრებით სამედიცინო საზოგადოების წუხილი. მით უფრო მისი ინტერვიუს შემდეგ, როცა ის ასე აქტიურად მოუწოდებდა ჩვენს მოქალქეებს ჩართულიყვნენ ვაქცინაციაში. ძალიან რთულია შევეგუოთ ამ ფაქტს.

რეგულირების სააგენტოს მხრიდან, რომლის კვლევაც გულისხმობს სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლას, ეს სამუშაო ჩატარებულია. თქვენ იცით, რომ პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ ველოდებით სამხარაულის დასკვნას, რომელიც შეიტანს მნიშვნელოვან სიცხადეს ამ გარემოებებში, რის შემდეგაც უკვე ექსპერტებს დაეგზავნებათ ეს დოკუმენტაცია.

ამის შემდეგ – ჯანდაცვის სამინისტროშიც გაიმართება საგანგებო კომისია, გამოძიებასაც მიეცემა მეტი სიცხადე და ჩვენ უკვე გადავდგამთ ქმედით ნაბიჯებს. რა მოხდა სინამდვილეში – საზოგადოებას ამაზე გავცემთ პასუხს და ასევე ყველა საჭირო ღონისძიებას გავატარებთ – იქნება ეს კომპენსაცია ოჯახის,  თუ ასე შემდეგ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.