ვეტოს მოლოდინში | პრეზიდენტი დღეს ხელისუფლების წევრებს ხვდება

პუბლიკა

ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 7 მაისს, ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტთან აუდიენციაზე იყვნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და მოგვიანებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტთან მივიდა პრემიერი ღარიბაშვილი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა, რომ აქამდე არსებული კანონი იყო შესაცვლელი, რადგან ის პოლიციელის უფლებრივ მდგომარეობას აყენებდა „ცუდ მდგომარეობაში“.

მისივე თქმით, სპეკულაციურია მესიჯი, რომ კანონში შესატანი ცვლილებები მიმართულია აქტივისტების მიერ გამართული საპროტესტო აქციების ხელის შეშლისკენ.

„თუ კითხვაზე პასუხი, რომ მეორე, მეხუთე, მეშვიდე, მეთორმეტე შემთხვევებში იგივე არ უნდა იყოს სანქცია, რაც პირველ შემთხვევაში და ოდნავ მაინც უნდა იყოს აქ გამკაცრებული, თუ  ამაზე პასუხია „სწორია“ და „ეს მიდგომა სწორია“, მაშინ ყველაფერი დანარჩენი არის  კონკრეტული ოპოზიციური ძალების მიერ ყურადღების გადატანის მცდელობა.

ეს გამოიწვია იმან, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერები სიმბოლურად შემოვიდნენ პარლამენტში, მონაწილეობა არ მიიღეს ამ კანონპროექტის განხილვაში. მიიღო ორმა და ერთი, როდესაც ამ კანონზე საუბრობდა, აღმოჩნდა, რომ სხვა კანონზე საუბრობდა და ეს არ არის სწორი მიდგომა – ეს ყველაფერი მოვუყევით თავისი სამართლებრივი არგუმენტებით პრეზიდენტს და იმედი გვაქვს, რომ არც ერთი ნიუანსი არ არსებობს, სადაც არის პრობლემა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე ვერ ამბობს, რა განწყობა აქვს პრეზიდენტს, თუმცა ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა უმრავლესობის წევრებს შეკითხვები დაუსვა.

შეკითხვაზე, დასძლევს თუ არა ვეტოს „ოცნება“, მდინარაძის პასუხია, რომ ამაზე წინასწარ ვერ ისაუბრებს.

„თუ ის შემთხვევა იქნა, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადო, რაც, ჩემი აზრით, სამართლებრივ არგუმენტაციას ვერ დაეყრდნობა, ამ შემთხვევაში გააჩნია, რა არგუმენტაცია მოჰყვება ამას და ამ შემთხვევაში მსჯელობს ვეტოს დაძლევაზე პარლამენტი.

თუ იქ იქნება ისეთი საკითხები, რომელიც განხილვადია და რაციონალურ კონტექსტში ჯდება, ამაზე მსჯელობაც შეიძლება“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე აქვე განმარტავს, რომ კანონპროექტი კავშირში არ არის შარლ მიშელის დოკუმენტთან და თუ ამას ვინმე აკავშირებს, მათი და „ოცნების“ პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა, თუნდაც ეს იყოს შეერთებული შტატების საელჩო.


„პასუხები სხვა დროს“ – ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „რუსთავი 2-ის“ შეკითხვას, დაადებს თუ არა ვეტოს ადმინისტრაციულ კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს.

5 და 6 მაისს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კონსულტაციები გამართა ოპოზიციასთან და მათგან მოისმინა, რატომ არ ეთანხმებიან კანონში ინიცირებულ ცვლილებებს.

ოპოზიციონერების განცხადებით, კანონპროექტი რეპრესიულია და მიმართულია ადამიანების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ. მათი თქმით, პრეზიდენტს ურჩიეს, რომ კანონპროექტს ვეტო დაადოს. ზოგიერთ პოლიტიკოსს სალომე ზურაბიშვილისგან ვეტოს გამოყენების მოლოდინიც გაუჩნდა.

პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით 29 აპრილს დაამტკიცა, თუმცა ამ დრომდე პრეზიდენტს მასზე ხელი არ მოუწერია.

კანონპროექტს აკრიტიკებს როგორც ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება, განსაკუთრებით, აქტივისტები. ცვლილებებს ნაჩქარევი, არასაჭირო და უსარგებლო უწოდა შეერთებული შტატების საელჩომ.

რა წერია კანონპროექტში

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამ მუხლში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი მოამზადეს.

მათგან ერთი ეხებოდა ადმინისტრაციული დაკავების ვადას. მესამე მოსმენით მხარდაჭერილი პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, წარედგინება სასამართლოს. დღეს მოქმედ კანონმდებლობასთან შედარებით ეს ვადა გაზრდილია. კერძოდ, მოქმედი მუხლით, ადმინისტრაციული დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს.

კანონპროექტი ცვლილებებს ითვალისწინებს წვრილმანი ხულიგნობის მუხლშიც.

არსებული კანონმდებლობით, წვრილმანი ხულიგნობა (166-ე მუხლი) იწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტის თანახმად, ამ მუხლს ემატება მეორე ნაწილიც, რომელიც ითვალისწინებს: წვრილმან ხულიგნობაზე ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის განმეორებით დარღვევა გამოიწვევს გაზრდილი თანხით დაჯარიმებას – 1 500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით. კანონპროექტში შენიშვნის სახით აღნიშნულია, რომ ამ ნაწილზე არ გავრცელდება კოდექსის 22-ე მუხლის მოქმედება (რაც სიტყვიერ შენიშვნას გულისხმობს).

ცვლილებები პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლში

არსებული კანონით (173-ე) პოლიციის განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტის თანახმად კი, იზრდება ჯარიმის ოდენობა და ასევე შემოდის პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენაზე.

კერძოდ: პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ხოლო, განმეორების შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტში შენიშვნის სახით აქაც აღნიშნულია, რომ მეორე ნაწილზე არ გავრცელდება კოდექსის 22-ე მუხლის მოქმედება (რაც სიტყვიერ შენიშვნას გულისხმობს).