ვფიქრობ, მარტის ბოლოდან შესაძლებლობა გვექნება, დავიწყოთ „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ფიქრობს, რომ მარტის ბოლოდან შესაძლებლობა გვექნება, ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაიწყოს. მისივე თქმით, შესაძლოა იქამდე ფაიზერის ვაქცინამაც „მოგვისწროს“, აპრილში კი ვაქცინაცია უფრო გაფართოვდება, ვინაიდან დამატებითი დოზების მიღების მოლოდინი აქვთ.

რაც შეეხება დოზების ზუსტ რაოდენობას, გაბუნია განმარტავს, რომ „კოვაქსის პლატფორმა“ მუდმივად აზუსტებს დოზების რაოდენობას. იქედან გამომდინარე, რომ თავად მიმწოდებლები ცვლიან მიწოდების ვადებს, იყო ინფორმაცია, რომ ქვეყანა მიიღებს 300 ათასამდე ასტრაზენეკას ვაქცინის დოზას, მაგრამ კონკრეტულად რა ვადაში და რა სიჩქარით მოგვეწოდება ვაქცინა, ამასთან დაკავშირებით ეტაპობრივად ექნებათ ინფორმაცია.

გაბუნია ამბობს, რომ შესყიდვის პროცედურა არის ერთნაირი, როგორც ასტრაზენეკასთვის, ისევე ფაიზერისათვის – „კოვაქსის პლატფორმის“ მეშვეობით.

თამარ გაბუნიას განცხადებით, „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში ქვეყანამ გაიარა პასუხისმგებლობების დაზღვევის ხელშეკრულების ეტაპი, რომელზედაც ხელი მოეწერა და ამით შეთანხმებების ერთი ეტაპი დასრულდა.

„თანხის გადახდის ეტაპი უკვე დადგა „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში, ჩვენ ვყიდულობთ „ასტრაზეკენას“ უნისეფის საშუალებით. იუნისეფის მოწოდების მექანიზმი გამოცდილია, დაავადებათა კონტროლის ცენტრი კვირის ბოლომდე გადაიხდის თანხას პირველი დოზებისთვის, რომელიც ეტაპობრივად შემოვა ქვეყანაში და  მოწოდების გრაფიკი კიდევ დაზუსტდება, რადგან ამასთან დაკავშირებით ისევ მიმდინარეობს მუშაობა „კოვაქსთან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე განმარტებით მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში უნდა შემოვიდეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზები, თუმცა კონკრეტულად რამდენი დოზა შემოვა პირველ ეტაპზე, ჯერ დაზუსტებული არ არის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანა მარტის პირველ ნახევარში AstraZeneca-ს ვაქცინას მიიღებს. საუბარია დაახლოებით  180 000-დან 300 000-მდე დოზა ვაქცინაზე.

ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი ვაქცინის გამოყენებაზე ევროპის წამლების სააგენტომ (EMA) 29 იანვარს გასცა ნებართვა. ვაქცინა ევროკავშირის მასშტაბით ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის დაუშვეს.

ვაქცინაციის გეგმით გათვალისწინებულია 3 ეტაპი, რომლითაც მოხდება თავდაპირველად მაღალი რისკის მქონე ჯგუფების ვაქცინაცია, შემდეგ იმ ადამიანებისა, რომლებსაც მაღალი რისკი არ აქვს, თუმცა იმუნიტეტის განვითარებისთვის მათი აცრაც მნიშვნელოვანია.

ვაქცინაციის ამბიციური სამიზნე მაჩვენებელია ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 60%, რაც შექმნის იმუნურობის დონის გარანტიას, იმისთვის, რომ ეკონომიკური საქმიანობა ეტაპობრივად აღდგეს.

დაგეგმილია, რომ პირველ რიგში სამედიცინო მუშაკები აიცრებიან. მედიცინის მუშაკების საერთო რაოდენობა ქვეყანაში 75 000-ია. აქედან ის სამიზნე ჯგუფი, რომელიც წელს უნდა აიცრას, 49 000-ს (60%) შეადგენს.