ვფიქრობ, ვინც გაიკეთებს ვაქცინაციას და ვინც არ გაიკეთებს, ზიარების უფლებას არ ჩამოვართმევთ - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

პუბლიკა

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით სინოდის სხდომის დაწყების წინ მედიასთან განცხადება გააკეთა.

მისი განმარტებით, საკითხები, რომლებზეც სინოდის სხდომაზე იმსჯელებენ, მხოლოდ პატრიარქმა იცის, მას კი ვარაუდის გამოთქმა შეუძლია. მისი ვარაუდით, ისაუბრებენ ვაქცინაციაზე.

მისი თქმით, „ვაქცინაცია ან ვაქცინაციისგან თავის შეკავება“ არ შეიძლება, იყოს სავალდებულო. მიტროპოლიტის განცხადებით, ეს არ არის საღვთისმეტყველო საკითხი.

„ვფიქრობ, ჩვენ გადავწყვეტთ ესე, რომ ვინც გაიკეთებს ვაქცინაციას და ვინც არ გაიკეთებს ვაქცინაციას, არც ერთს და არც მეორეს ჩვენ ზიარების უფლებას არ ჩამოვართმევთ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

მიტროპოლიტის თქმით, მისი პირადი პოზიციაა, რომ ვაქცინაცია არ არის საღვთისმეტყველო საკითხი.

„ერთადერთი საღვთისმეტყველო შემადგენელი აქ არის თავისუფლების შეზღუდვა, რომ ვიღაცას ან დავაძალოთ კატეგორიულად ვაქცინაცია და ვუთხრათ, თუ არ გაიკეთებ, პურს ვერ იყიდი, უცხოეთში ვერ გაემგზავრები… ოღონდ ამას არ ვწყვეტთ ჩვენ საქართველოში, ეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებია და მე ასე ვფიქრობ პირადად.

მეორე ის, რომ ვინც გაიკეთებს ვაქცინაციას, არ გამოვაცხადებთ ამას ღმერთის და ხალხის მტრად, ესე იგი, რომ რაღაცა დანაშაული ჩაიდინა და… ესეც კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის საქართველოში შექმნილი ჭორები, სხვადასხვა უცხოური წყაროდან ვკითხულობთ ხომ ამას.

პირადად მე რაც შემეხება, თუ ეს თქვენთვის, ჟურნალისტებისთვის ან ვინმესთვის რამე ნუგეშისმომცემი იქნება, პირდაპირ თქვენ წინაშე გავიკეთებ, არ მეშინია ვაქცინაციის, მაგრამ თუ ეს ჩემი გადასაწყვეტი იქნება, მე არ გავიკეთებ, იმიტომ, რომ არასდრის გამიკეთებია ვაქცინა, არ მჭირდება ორგანიზმიდან გამომდინარე“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

მიტროპოლიტმა მოუწოდა ჟურნალისტებს, ფრთხილად იყვნენ ვაქცინაციასთან.

„ვაქცინა, გესმით ხომ ეს სიტყვა რას ნიშნავს, რასთან არის დაკავშირებული? ეს არის დაკავშირებული აცრასთან. აცრა რას ნიშნავს, რომ ადამიანის ორგანიზმში შეყავთ მცირე დოზით ავადმყოფობა, რომ მან გამოიმუშავოს იმუნიტეტი. ასე არ არის?

თუ ექიმს შეეშალა და ეს ინფექცია უფრო დიდი დოზით შეიყვანა, შეიძლება ამან ლეტალური შედეგი გამოიწვიოს და თქვენ აკეთებთ  ამას ჟურნალისტები, იმიტომ რომ ვირუსი არ არის მარტო ფიზიკური. თქვენ რა ინფორმაციასაც ავრცელებთ საზოგადოებაში, ეს არის ინფექცია, რომელმაც ადამიანი შეიძლება იმსხვერპლოს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

მიტროპოლიტი ნიკოლოზის კომენტარი წარმოადგენს ანტივაქსერულ განცხადებას და არაა დაფუძნებული მეცნიერულ მტკიცებულებებზე.