ვგმობთ ეროვნული მუზეუმის ფონდებში კვლევისთვის შემზღუდავი მექანიზმის ამოქმედებას - კოალიცია

პუბლიკა

„კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ ეხმიანება კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომელიც მკვლევრებს ფონდებზე წვდომას უზღუდავს. მათი თქმით, დოკუმენტებისა თუ კულტურული მემკვიდრეობის ფიზიკური დაცვის და შენახვის გარდა, საარქივო და სამუზეუმო სფეროს მთავარი ამოცანა, მათი კვლევისა და განათლების პროცესისათვის ღიაობა და ხელმისაწვდომობაა.

კოალიციის განცხადებით,  არქივსა და სამუზეუმო ფონდში მოქალაქეთა კვლევითი საქმიანობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით.

„2022 წლის 1 თებერვალს გამოქვეყნდა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება, რომლითაც მკვეთრად იზღუდება სამინისტროს სისტემაში შემავალ სამუზეუმო, მათ შორის საარქივო ფონდებში მკვლევართა დაშვება.

კერძოდ, კვლევითი საქმიანობით დაინტერესებული პირი სამუზეუმო ფონდში მხოლოდ დირექტორატის გადაწყვეტილებით დაიშვება. დირექტორატის გადაწყვეტილების შესახებ კი სამინისტროსაც უნდა ეცნობოს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ იმ პირობებში, როდესაც მტრული ქვეყნის მთავარი დასაყრდენი საბჭოთა იდეოლოგიზებული ისტორიაა, მონაცემებზე წვდომის შეზღუდვა ხელს უწყობს რუსეთის დეზინფორმაციას და შესაბამისად, ასუსტებს მოქალაქეთა მდგრადობას პროპაგანდის წინააღმდეგ.

კოალიცია აცხადებს, რომ უკანასკნელ წლებში, საარქივო და ახლა კი უკვე სამუზეუმო სფეროშიც, სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ქმნის დამატებით, რუტინულ და საბჭოური ტიპის ცენტრალიზებულ მექანიზმებს, რითაც მაქსიმალურად უშლის ხელს მოქალაქეებს სწრაფად, სრულფასოვნად და მარტივად ისარგებლონ ამ წყაროებით.

„მაგალითად, იუსტიციის სამინისტრო მესამე წელია გადაჭრით ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ არქივში (რომელიც სამინისტროს სსიპ-ია) არქივებზე წვდომის ხელოვნურად შეზღუდვის შემსუბუქებას.

სამუზეუმო და საარქივო კვლევა არის საკვანძო იმისათვის, რომ ისტორიულ დეზინფორმაციას მტკიცებულებაზე დაყრდნობით ვებრძოლოთ“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

„კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ გმობს ეროვნული მუზეუმის ფონდებთან კვლევისთვის დაშვებაზე სამინისტროს მიერ, ერთგვარი ვეტოს ანალოგიური შემზღუდავი მექანიზმის ამოქმედებას და მოუწოდებს სამინისტროს:

  • „არქივები სრულად საჯაროდ ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახდეს, რათა მედია საშუალებებმა, დოკუმენტალისტებმა, კინემატოგრაფებისტებმა, მეცნიერებმა და დაინტერესებულმა მოქალაქეებმა შეძლონ ეფექტიანი გამოყენება;
  • თავი შეიკავოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე დამატებითი ბარიერების დაწესებისგან, რადგან ეს ეწინააღმდეგება მმართველობის დემოკრატიულ ღირებულებებს და აფერხებს/ანელებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გავრცელების შესაძლებლობებს;
  • უფრო მეტად განიმარტოს, თუ რა მიზანს ემსახურება აღნიშნული ბრძანება“.

კულტურის მინისტრის ბრძანებაში შესული ცვლილებების მიხედვით, კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის ეროვნულ მუზეუმში შესვლა მხოლოდ დირექტორატის გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი.

დირექტორატის გადაწყვეტილება კი სამინისტროს უნდა ეცნობოს. ცვლილებებს ხელს აწერს მინისტრი, თეა წულუკიანი და ის უკვე ატვირთულია საკანონმდებლო მაცნეში. ცვლილებები შევიდა ბრძანებაში „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“.

LB loan image desktop LB loan image mobile