ვიკვლევთ, რომელი პაციენტიდან ან რა შემთხვევიდან შეიძლება დაინფიცირებულიყო – საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი ექიმზე

პუბლიკა

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე ჟურნალისტებთან განცხადებას აკეთებს და კორონავირუსით დაინფიცირებულ ექიმზე განმარტავს, რომ ის არის საავადმყოფოს მედპერსონალიდან ერთ-ერთი. ქამუშაძე აღნიშნავს, რომ დაინფიცირებულ ექიმს სპეციალური ეკიპირება ჰქონდა და, ზოგადად, ეკიპირების პრობლემა საავადმყოფოში არ არის და მარაგიც საკმარისია.

„ის პაციენტებთან ყოველთვის ეკიპირებული შედიოდა, თუმცა ზუსტად ვიკლვევთ ახლა, რომელი პაციენტიდან ან რა შემთხვევიდან შეიძლებოდა, დაინფიცირებულიყო, რაზეც უახლოეს მომავალში გვექნება პასუხი. მისი გუშინდელი პასუხი არის სუსტად დადებითი. შესაბამისად საჭიროა, რომ გადამოწმდეს”, – აცხადებს მიხეილ ქამუშაძე.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის თქმით, განმეორებითი ანალიზი დღეს უკვე ჩაუტარდა დაინფიცირებულსა და მასთან კონტაქტში მყოფ პირებს. მისივე თქმით, ლაბორატორიაში მათი ნაწილის მონაცემები უკვე გაგზავნილია და საღამოს ეს პასუხები ცნობილი იქნება. სწორედ ამის შემდგომ, თუ რომელიმე მასთან კონტაქტში მყოფ პირს COVID-19 დაუდასტურდება, მათ კონტაქტებსაც შეისწავლიან.


საჩხერის მერის ბენიამინე ფალავანდიშვილის ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული საჩხერის სამედიცინო ცენტრის ინფექციონისტი მისი მეუღლეა.