ვინარჩუნებთ იმედისმომცემ სიტუაციას, არ დაფიქსირებულა მეოთხეული შიდა გადაცემა - ცერცვაძე

პუბლიკა

როგორც ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის ქვეყანაში 33 ინფიცირებული პაციენტია, მათ შორის სამი ახალი შემთხვევა დღეს გამოვლინდა.

მისი თქმით, პაციენტები საშუალო ასაკისანი არიან, ერთი მამაკაცი და ორი ქალი. მისივე თქმით, ამ პაციენტებს კავშირი არ აქვთ იმ ჯგუფებთან რომლებზეც აქამდე იყო საუბარი.

„სამივე მათგანი იყო კონტაქტში უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან. ჯერჯერობით ვინარჩუნებთ იმედისმომცემ სიტუაციას, როდესაც არ დაფიქსირებულა მეოთხეული შიდა გადაცემა, როდესაც დაინფიცირდება პაციენტი ისე, რომ მან არ იცის, თუ ვისგან დაინფიცირდა. მაგალითად, შეიძლება იყოს, რომ პიროვნება გავიდეს მაღაზიაში ან რაღაც საქმეზე, ქუჩაში და შემდეგ აღმოჩნდეს ინფიცირებული. ეს მდგომარეობა უფრო სერიოზულია და გარკვეულ სპეციალურ ტაქტიკას მოითხოვს ღონისძიებების. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, ეს არ არის. ამ სამივე ადამიანმა იცის, თუ ვისთან ჰქონდა კონტაქტი. მე არ ვიცი, ზუსტად ისინი თვითიზოლაციაში იყვნენ თუ კარანტინში, მაგრამ იზოლაციის რომელიღაც ფორმა გამოყენებული ჰქონდათ. არაფერი კავშირი ამ პაციენტებს არ აქვთ იმ ჯგუფებთან, რომლებზეც აქამდე იყო საუბარი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, დღეს აღებულია კიდევ 9 ანალიზი, რომლის პასუხებიც გვიან ღამით იქნება ცნობილი.

LB loan image desktop LB loan image mobile