„ვინმეს კითხვის ნიშანი უჩნდება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს?“ – პაპუაშვილი

პუბლიკა

გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, პრემიერი გახარია ეთანხმებოდა ნიკა მელიასთვის პარლამენტის გადაწყვეტილებას უფლებამოსილებასთან დაკავშირებით. ის ასევე იზიარებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების დამძიმებასთან დაკავშირებით.

„თავადაც თქვა, რომ ერთადერთი საკითხი, რომელზეც სხვა აზრი ჰქონდა, იყო ის, თუ როდის უნდა აღსრულდეს ეს გადაწყვეტილება.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„სასამართლოს გადაწყვეტილებაში გასაკვირი არაფერი არ იყო. დადგა საკითხი ამ გადაწყვეტილების აღსრულების. აქაც ვინმეს კითხვის ნიშანი უჩნდება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს? რას ვხედავთ ახლა, რომ კვლავ უარია სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე. სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე იყო საუბარი. კიდევ ერთხელ – კითხვის ნიშნის ქვეშ, მათ შორის გიორგი გახარიას მხრიდან არ დამდგარა ის, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. საუბარი იყო ვადებზე. გიორგი გახარიამ ახსნა ეს, რომ საუბარი იყო გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სამართლებრივი მოცემულობის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.

გუშინ სასამართლომ ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებაზე პროკურატურის გადაწყვეტილება დააკმაყოფილა. ენმ-ის ლიდერის თქმით, ის არ აპირებს, დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ოპოზიციური პარტიის ოფისში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ სხვა პარტიების ლიდერები. ისინი „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილების შეცვლისა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებდნენ. დღეს გადადგომის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ. მისი თქმით, ნიკა მელიას დაკავებაზე გუშინ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ვადებზე მას განსხვავებული ხედვა ჰქონდა და ვერ შეთანხმდა გუნდის სხვა წევრებთან.