ვიქტორია ნულანდი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას დატოვებს

პუბლიკა

რუსეთის მწვავე კრიტიკოსი, აშშ-ის N3 დიპლომატი, ვიქტორია ნულანდი სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას დატოვებს.

ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში წერია.

ვიქტორია ნულანდი სახელმწიფო მდივნის მოადგილეა პოლიტიკურ საკითხებში.

ბლინკენი წერს, რომ გადადგომის თაობაზე ნულანდმა განცხადებით მიმართა.

„ვიქტორია ნულანდმა მაცნობა, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში დატოვებს თანამდებობას, რომელზეც ის ახორციელებდა პრეზიდენტ ბაიდენის სწრაფვას, დააბრუნოს დიპლომატია ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცენტრში და გამოეცოცხლებინა ამერიკის მსოფლიო ლიდერობა ჩვენი ერისთვის ამ გადამწყვეტ დროს.

[…]

ბოლო სამი წლის განმავლობაში ვიქტორია ხელმძღვანელობდა სახელმწიფო დეპარტამენტს ყველა მიმართულებით, საჰელის, ჰაიტისა და ახლო აღმოსავლეთის რთული კრიზისების მოგვარებიდან, ამერიკის ალიანსებისა და პარტნიორობის გაფართოებამდე და გაძლიერებამდე ევროპისა და ინდო-წყნარი ოკეანის მასშტაბით.

მაგრამ უკრაინაში ვიქტორიას ლიდერობა არის ის, რასაც დიპლომატები და სერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტები წლების განმავლობაში ისწავლიან. მისი ძალისხმევა შეუცვლელი იყო ვლადიმირ პუტინის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრასთან დასაპირისპირებლად, გლობალური კოალიციის მოწყობისთვის მისი სტრატეგიული წარუმატებლობის უზრუნველსაყოფად და უკრაინის დასახმარებლად იმ დღისთვის, როდესაც ის შეძლებს, მტკიცედ დადგეს დემოკრატიულად, ეკონომიკურად და სამხედრო მიმართულებით”. – წერს ენტონი ბლინკენი.

მისივე განცხადებით, ნულანდის პოზიციას სახელმწიფო მდივნის კიდევ ერთი მოადგილე, ჯონ ბასი დაიკავებს.

ჯონ ბასი კარიერული დიპლომატია. ის 2009-2012 წლებში იყო აშშ-ის ელჩი საქართველოში.