ვისაც ეწყინა, რომ საქართველო არ იყო G7-ზე, მას ისიც სწყინს, რომ ქვეყანა არ არის ომში - კობახიძე

პუბლიკა

„რატომაც ჩვენ არ ვესწრებით დიდ შვიდეულს, არის ის, რომ ჩვენ არ ვართ დაკავშირებული ომთან“ – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეკითხვას, თუ რატომ არ არის საქართველო მიწვეული დიდი შვიდეულის ქვეყნების შეხვედრებზე, რომლებსაც მოლდოვისა და უკრაინის წარმომადგენლები ესწრებიან.

„მიზეზი არის ძალიან პოზიტიური, რატომაც ჩვენ არ ვესწრებით დიდ შვიდეულს, არის ის, რომ ჩვენ არ ვართ დაკავშირებული ომთან, განსხვავებით უკრაინისგან და განსხვავებით მოლდოვისგან. ის ადამიანები, ვინც წუხან იმის გამო, რომ საქართველო არ იყო შვიდეულის მონაწილე, ისინი წუხან ასევე იმის გამო, საქართველოში არ არის ომი და ეს არის რეალობა. […]  ვისაც ეწყინა, რომ საქართველო არ იყო წარმოდგენილი დიდ შვიდეულზე, მას სწყინს ის, რომ საქართველო არ არის ომში. ძალიან მარტივად არის აქ საქმე.  გერმანიის საელჩო მარტო გერმანიის საელჩო ხომ არ არის? გერმანიის საელჩო ახმოვანებს გერმანიის და მთლიანად შვიდეულის საერთო პოზიციას. გერმანიის საელჩომ განმარტა შემდეგი – უკრაინა არის ომში, მოლდოვა უშუალოდ ემიჯნება საომარ მოქმედებებს. ამიტომ მიიწვიეს უკრაინა და მოლდოვა“, – გაანაცხადა ირაკლი კობახიძე.


G7-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანიაში შეიკრიბნენ. შეხვედრაზე სტუმრის სტატუსით მიწვეულნი იყვნენ უკრაინის, მოლდოვის და ინდონეზიის წარმომადგენლები. მიწვეულთა სიაში საქართველო არ არის. 

გერმანიის საელჩოს განმარტებით, „ინდონეზია „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანაა 2022 წელს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს მის ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამო, მოლდოვის რესპუბლიკა კი ამ ომის უშუალო გავლენის, მათ შორის, მოლდოვაში უკრაინელ ლტოლვილთა ძალიან დიდი რაოდენობის გამო“.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამდღიანი შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინაში რუსეთის ომია.