ვიყავი მიშას ჩამოსვლის წინააღმდეგი და ეს საჯაროდ არაერთხელ მითქვამს - ნიკა მელია „იმედს“

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია „იმედის“ ეთერში გასულ ჩანაწერს ეხმაურება. მელია წერს, რომ მის საუბარში ფარული არაფერი ყოფილა და პირიქით, ყოველთვის თავისი ამ პოზიციის ახსნას ცდილობს საჯაროდ.

„იმედმა“ წუხელ გაავრცელა, სავარაუდოდ, ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები, როემელშიც ისმის ნიკა მელიას საუბარი მიხეილ სააკაშვილის პროცესისას სასამართლოს წინ შეკრებილ მხარდამჭერებთან.

ნიკა მელია, როგორც ჩანაწერში ისმის, მხარდამჭერებთან ამბობს, რომ ის პირადად წინააღმდეგი იყო მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის, რადგან იცოდა, რომ ამ ნაბიჯს დასავლეთში პარტნიორებისგან მხარდაჭერა არ მოჰყვებოდა.

ამასთან, ჩანაწერის ერთ-ერთ ნაწილში მელია ასე მიმართავს მხარდამჭერს: „ქალბატონო, თქვენს მეზობელს რას ეუბნებით? თქვენს მეზობელს თუ ეუბნებით, რომ შენი და ჩვენი მთავარი იდეა არის „თავისუფლება მიშას“, არ გამოვა“.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, მელია Facebook-ზე წერს, რომ სააკაშვილის გათავისუფლება არ არის მათი ერთადერთი იდეა და ამის ახსნას ცდილობს.

„დიახ, მე ვიყავი მიშას ჩამოსვლის წინააღმდეგი და ეს მოსაზრება არა მხოლოდ პირად საუბრებში არამედ საჯაროდაც არაერთხელ დამიფიქსირებია.

დიახ, მე, ისევე როგორც მიშა, არ ვთვლი, რომ მიშას თავისუფლება არის ერთადერთი იდეა – რომელმაც ხალხი გარეთ უნდა გამოიყვანოს.

იდეა, რომელმაც ხალხი უნდა გამოიყვანოს – შეკვეთა რომელიც მოგვცეს და მივიღეთ- არის ცვლილება რომელსაც უნდა მივაღწიოთ, ეს არის უკეთესი საქართველო, იმაზე უკეთესი საქართველო ვიდრე გვქონდა 2003-2012 წლებში და იმაზე ბეეევრად უკეთესი საქართველო, ვიდრე გვაქვს 2012 წლიდან დღემდე“, – წერს ნიკა მელია.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ეხმაურება ჩანაწერის კიდევ ერთ ფრაგმენტსაც, რომელშიც ის ამბობს, რომ მათი დამარცხება არ უნდა დააბრალონ მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და თავიანთი პასუხისმგებლობაც უნდა დაინახონ. მელი ამბობს, რომ მაგალითად გლდანის მაჟორიტარულ ოლქში წინასაარჩევნო კამპანია ზედმეტად გვიან დაიწყეს.

ჩანაწერის შემდეგ თავის გამოხმაურებაში კი ნიკა მელია წერს, რომ მას არ უგულისხმია ის, თითქოს „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციისთვის გამარჯვება არ წაურთმევია. მაგრამ, ოპოზიციაც მეტად უნდა იყოს ორგანიზებული.

„გვიყალბებენ არჩევნებს, გვართმევენ გამარჯვებას. თუმცა, არაფერი გამოუვათ თუ ჩვენ ვიქნებით კარგად ორგანიზებულები და გამარჯვებაზე ორიენტირებულები.

არაფერი გამოუვათ იმ შეთხვევაში, თუ ჩვენს შორის წარუმატებლობაში დამნაშავეთა ძებნის ნაცვლად, გამარჯვებაზე ვიფიქრებთ“, – წერს ნიკა მელია.