ვიზიარებთ „ეუთოს“ განცხადების სულისკვეთებას და მოვუწოდებთ ოპოზიციას, იმოქმედონ კანონის ფარგლებში – სამხარაძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის განცხადებაზე პარტიის გამოხმაურება წაიკითხა პარტიის საარჩევნო სიის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ,,ეუთოს” სადამკვირვებლო მისიის დღევანდელ განცხადებას, რომელშიც ეუთო მოუწოდებს, ერთი მხრივ, დემონსტრანტებს, თავი შეიკავონ ძალადობისგან და მეორე მხრივ, ხელისუფლებას, უზრუნველყოს მოქალაქეების მიერ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების დაცვა.

ეუთო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაიმართა კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლება არჩევნებისა იყო დაცული. მისია შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. იგი მიესალმება მოქალაქეების მიერ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენებას, თუმცა აღნიშნავს, რომ ძალადობრივი ქმედებები მიუღებელია და მოთმენას არ ექვემდებარება. ეუთო მოუწოდებს დემონსტრანტებს, აქციები ჩატარდეს მშვიდობიანად ხოლო პოლიციას – სიფრთხილის გამოჩენისკენ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, პარტია სრულად იზიარებს ამ განცხადების სულისკვეთებას და მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ მიდგომებს და საფრთხის ქვეშ არ დააყენონ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა.

„ეს არის კიდევ ერთი გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისგან მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, რომ დაუბრუნდნენ კონსტიტუციურ, კანონიერ ჩარჩოებს“, – განაცხადა სამხარაძემ.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციის მოთხოვნაა ხელახალი არჩევნები, თამარ ჟვანიას გადადგომა და საარჩევნო კომისიის შეცვლა, ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება.


გუშინ, 8 ნოემბერს პარლამენტიდან აქციის მონაწილეებმა ცესკოთან გადაინაცვლეს. ცესკოთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი, შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა. შსს-ის შეფასებით, ჭავლის გამოყენება სამართალდამცველებმა მყისიერი საფრთხის გამო გადაწყვიტეს. არასამთავრობო სექტორის შეფასებით კი, საფრთხე არ იყო მყისიერი და პოლიციამ არალეგიტიმური ძალა გამოიყენა აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ.

შსს-ის ცნობით, აქციის მიმდინარეობისას ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. ადმინისტრაციული წესით, სულ 19 პირია დაკავებული.