ვუერთდებით პროტესტს და მეორე ტურს არ ვაშუქებთ - „მთავარი არხი“

პუბლიკა

„დღეს, 21 ნოემბერს საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 17 ოლქში მეორე ტური იმართება. „მთავარი არხი“ უერთდება ქართველი ხალხისა და ოპოზიციის პროტესტს და მეორე ტურს არ აშუქებს“, – ამის შესახებ განცხადებას „მთავარი არხი“ ავრცელებს.

„მთავარი არხის“ სარედაქციო გადაწყვეტილება გუშინ „მთავარი 9-ის“ დასასრულს გახდა ცნობილი. წამყვანების განცხადებით, ტელევიზია უერთდება ხალხისა და ოპოზიციის პროტესტს. მათ მეორე ტურს, „ქართული ოცნების“ მიერ დადგმული სპექტაკლი უწოდეს და განაცხადეს, რომ საინფორმაციო სამსახური ამას არ გააშუქებს.

„მთავარი არხი“ უერთდება ქართველი ხალხისა და ოპოზიციის პროტესტს, ამიტომ 21 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ სპექტაკლს, სახელად „მეორე ტური“, საინფორმაციო სამსახური არ გააშუქებს“, – განაცხადეს გუშინ „მთავარი 9-ის“ წამყვანებმა.


დღეს, 21 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნების მეორე ტურს ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.