WISG-ის განცხადება საქმეზე „აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ“

პუბლიკა

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG)  განცხადებას ავრცელებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ საქმეზე „აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ“.

„2009 წლის დეკემბერში, „ფონდ ინკლუზივის“ ოფისში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სამართალდამცავებმა ჩაატარეს ჩხრეკა და ერთ-ერთი თანამშრომელი დააკავეს ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის. ჩხრეკის დროს, ოფისში, ორგანიზაციის თანამშრომელთა გარდა, ასევე იმყოფებოდა ლბტ თემის ოცამდე წევრი. ისინი ემზადებოდნენ დახურული ღონისძიებისთვის, რომელსაც “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”, 2007 წლიდან, ყოველწლიურად მართავდა (WISG, რომელიც უშუალოდ ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანს თემის ქალებთან მუშაობდა, შეხვედრებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზებისთვის იყენებდა ფონდის ოფისს, როგორც „ფონდ ინკლუზივის“ პარტნიორი ორგანიზაცია).

ოპერაციის დროს, პოლიციის ოფიცრებს მოსარჩელეები და ლბტ თემის სხვა წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში გამოკეტილი ჰყავდათ ერთ ოთახში, ჩამოართვეს პირადი ნივთები და ტელეფონები. მას შემდეგ, რაც პოლიციელებისთვის ცნობილი გახდა ორგანიზაციის პროფილი, მათ დაიწყეს თემის წევრთა შეურაცხყოფა, დაცინვა, მუქარა. მოგვიანებით, ქალმა პოლიციელებმა ჩხრეკის მიზნით თემის წევრები საპირფარეშო ოთახში შეიყვანეს და აიძულეს გაშიშვლება. ჩხრეკის შედეგად პოლიციელებს არ შეუდგენიათ ოქმი. ამასთან, პოლიციელების ქცევამ აფიქრებინა მომჩივანებს, რომ ამ პროცედურის მიზანი მათი დამცირება იყო“, – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

WISG განცხადებაში აღნიშნავს, რომ 2010 წლის 8 იანვარს, მოსარჩელეებმა საჩივარი შეიტანეს პროკურატურაში რასაც მათი თქმით, რეაგირება არ მოჰყოლია და რამდენიმეგზის მიმართვის მიუხედავად, საქმეს მსვლელობა არ მიეცა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პროკურატურა მას შემდეგ დაუკავშირდა მომჩივანებს, რაც 2011 წელს სტრასბურგის სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო.

წაიკითხეთ განცხადება სრულად:

მომხდარის გავლენა თემის წევრებზე:

„2009 წელს პოლიციის თავდასხმის შედეგად დაზარალებული რეალურად 20-მდე ქალია, რომლებიც დედაქალაქში ლგბტ თემის ფორმირებისა და ურთიერთგაძლიერებისკენ პირველ ნაბიჯებს დგამდნენ. ამ დროისათვის თბილისში თითქმის არ არსებობდა სათემო შეკრებებისა და ღონისძიებებისთვის უსაფრთხო და თემისთვის მეგობრული ღია სივრცეები, ამგვარი დახურული შეკრებები და ღონისძიებები ფაქტობრივად ერთადერთი საშუალება იყო თემის მობილიზაციისთვის.

საზოგადოებაში მძიმე ჰომოფობიური განწყობის, პოლიციელების მხრიდან ზეწოლისა და მუქარის რისკის მიუხედავად, თემის წევრებმა მაინც მისცეს ანონიმური ჩვენებები „ინტერრაითსის“ წარმომადგენლებს, რომლებიც ამ საქმეს უძღვებოდნენ. მეტიც, ტრავმული გამოცდილების მიუხედავად, იმ პერიოდში, ჯგუფის წევრებმა არნახული სოლიდარობა გამოიჩინეს ერთმანეთისა და ორგანიზაციის თანამშრომელთა მიმართ. კავშირი ამ ქალებს შორის არ გამწყდარა. სოლიდარობის და უსამართლობის განცდა შენარჩუნდა და სისტემური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეწყვეტილა. პირველი გამარჯვება სწორედ ეს იყო – მზაობა ერთობლივი პრინციპული ბრძოლის გასაგრძელებლად, მომხდარის მიუხედავად. WISG-მა არათუ არ შეაჩერა მუშაობა ამ საკითხებზე ან ლბტ თემის წევრებთან, არამედ კიდევ უფრო გააფართოვა და გააძლიერა მუშაობა ამ მიმართულებით.

მაშინდელი კონტექსტის გათვალისწინებით, გააზრებული იყო ის საფრთხე, რომელიც უკავშირდებოდა ამ საქმეში გაცხადებულად პოზიციონირებას. მსჯელობის და შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა, რომ ეს პასუხისმგებლობა, სტრასბურგის სარჩელის მომზადებისას, ორმა ქალმა იტვირთა. სწორედ ამიტომ, 10 წლიანი ლოდინის შემდეგ, სტრასბურგის გადაწყვეტილებას ტრანსფორმატიული მნიშვნელობა აქვს, აღდგომელაშვილთან და ჯაფარიძესთან ერთად, პირველ რიგში, იმ ქალებისთვის, რომელთა სახელი აღნიშნულ სარჩელში არ ფიგურირებს, მაგრამ ასევე მთლიანად ლგბტქი თემისთვის, რომლის კოლექტიურ მეხსიერებაში, წარსულში განცდილ უსამართლობას სახელი დაერქვა“

რა მნიშვენლობა აქვს ამ გადაწყევტილებას 10 წლის შემდეგ?

„ევროპული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დღესაც განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან დღემდე ლგბტქი თემი სამართალდამცავი უწყებებისთვის მიმართვისას მრავალ დაბრკოლებას აწყდება. ეს გამოიხატება როგორც მართლმსაჯულების ყველა რგოლის, პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოს მუშაკთა მხრიდან ჰომო/ბი/ტრანსფობიურ მოპყრობაში, ისე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიებაში.

მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლში გაწერილ საფუძველთა ჩამონათვალს დაემატა პირის სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა, ანუ დანაშაულის ჩადენა ჰომოფობიური და ტრანსფობიური მოტივით დამამძიმებელი გარემოება გახდა, კვლავ პრობლემად რჩება ამ მოტივის იდენტიფიცირება სამართალდამცავი უწყებების მხრიდან.

ცალკე პრობლემას წარმოადგენს ჰომო/ბი/ტრანსფობიური ინციდენტები, რომელზე რეაგირებაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე ხორციელდება და ეს კოდექსი სამართალდარღვევის ჩადენას ჰომოფობიური და ტრანსფობიური მოტივით საერთოდ არ იცნობს.

ლგბტქი თემის წევრებისთვის დღესაც აქტუალურია მათი სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის შესახებ მონაცემთა უკანონო დამუშავების საკითხიც. WISG-ის მიერ 2018 წელს წარმოებული საქმის შედეგად ტრანსი ქალის იძულებითი ქამინგ აუთის ჩადენის განხორციელბის გამო, პოლიციელი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.[2

ჩვენ აქტიურად ვიქნებით ჩართულები ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში და ვეცდებით სახელმწიფოს მივუთითოთ იმ აუცილებელ ღონისძიებებზე, რომელიც უნდა გატარდეს დაუყოვნებლივ, რათა მომავალში თავიდან იქნეს არიდებული ადამიანის უფლებების ამგვარი დარღვევა.

WISG მიიჩნევს, რომ ჰომოფობია და მიზოგინია არის სოციალური პრობლემა, რომელზე რეაგირებისთვისაც სახელმწიფომ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობით, უნდა შეიმუშაოს თანმიმდევრული პოლიტიკა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.


ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ  გადაწყვეტილება გამოაცხადა საქმეზე „აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც ეხება 2009 წელს პოლიციის მიერ ქვეყნის პირველი ლგბტ ორგანიზაციის – „ინკლუზივის“ დარბევას.

ეს იყო საქართველოდან პირველი საქმე, რომელიც სამართალდამცველთა მხრიდან ჰომოფობიასა და სექსუალური ნიშნით დისკრიმინაციასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაირღვა ორი მუხლი – მე-14, რომელიც დისკრიმინაციის აკრძალვას ეხება და მე-3, რომელიც არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას ეხება.