წულუკიანი გელათის სარესტავრაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო | კომიტეტის გასვლითი სხდომა ქუთაისში

პუბლიკა

პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და კომიტეტის წევრები გელათში ვიზიტით იმყოფებოდნენ. ისინი ძეგლზე რამდენიმე წლის წინ დაწყებულ სარესტავრაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

პარლამენტის ცნობით, ვიზიტის შემდეგ, ქუთაისის ეროვნული არქივის შენობაში გელათის მონასტრის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების თაობაზე კომიტეტის სხდომა გაიმართა.

დეპუტატებმა მოისმინეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკა ანთიძის და რესტავრატორ კახა ტრაპაიძის მოხსენება შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

გელათის მონასტერში ხარვეზით ჩატარებული საკონსერვაციო სამუშაოები უკვე დიდი ხანია საზოგადოებისა და დარგის სპეციალისტების ყურადღების ქვეშ მოექცა. ზამთრის დადგომასა და ამინდის გაუარესებასთან ერთად საზოგადოება ელოდებოდა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი არქიტექტურული ობიექტები დროებითი გადახურვის ქვეშ სრულად მოექცეოდა.

2020 წლის თებერვალ-მარტში გამოვლენილი დაზიანებების გათვალისწინებით,  დადგინდა,  რომ ახალი ტექნოლოგიით დამზადებული კრამიტი, რომელიც ტაძრის ეკვდერების, ნართექსისა და საკურთხევლის გადახურვებისთვის იყო გამოყენებული, დაბალი ხარისხისაა, რამაც ინტერიერში წყლის ჩაჟონვა და კედლის მხატვრობის დაზიანება გამოიწვია. ხარვეზების სათანადოდ იდენტიფიცირებისა და კვლევებისთავის საჭირო გახდა მისი დროებითი გადახურვის ქვეშ მოქცევა. კომპანიამ, რომელიც გელათში მუშაობდა, სააგენტოსთან და მის სპეციალისტებთან თანამშრომლობით გადაწყვიტა, რომ გელათის მთავარი ტაძარი თუნუქის სახურავით დროებით გადაეხურა, რაც ასევე კრიტიკის საგანი გახდა.