წულუკიანი გვარამიაზე: ყველანაირი თავში ცემა, რომ ეს რა კარგი ბიჭი დავკარგეთ, არის უსაგნო

პუბლიკა

„არ მგონია, რომ ნიკა გვარამიასთან საჭიროა ენის მოჩლექით საუბარი. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია სისხლის სამართლის დანაშაული, მისჯილი აქვს სასჯელი. მას აქვს კონსტიტუციური უფლება და გამოიყენებს კიდეც, რომ ეს განაჩენი გაასაჩივროს, – განაცხადა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, გვარამია „რუსთავი 2-ის“ კუთვნილი თანხის სხვა კერძო კომპანიაში გადატანით იყო დაკავებული. როგორც წულუკიანი ამბობს, როდესაც სტრასბურგის სასამართლოში დავას აწარმოებდა საქართველო, ის ხედავდა, რომ  გვარამიას მიზანი „რუსთავი 2-ის“ გაკოტრება იყო.

„თუ ეს არ არის დანაშაული, მაშინ არ ვიცი, რა არის დანაშაული. ამიტომ, ყველანაირი თავში ცემა, რომ ეს რა კარგი ბიჭი დავკარგეთ, არის უსაგნო, უსაფუძვლო სამართლებრივად.

მე „რუსთავი 2-ს“ ვუსურვებ ამ თანხის როგორღაც დაბრუნებას, სამართლებრივი ბერკეტები არის ამის, რაც არ უნდა გვეჩვენებოდეს, რომ ეს დავა შეიძლება ცოტა გართულებული იყოს, რადგან დრო არის გასული. მესმის, რომ რეალობა მწარეა. არ მიკვირს იმ ადამიანების კრიტიკა, რომ ნიკა გვარამია უდანაშაულოა, ვინც თავის დროზე ამბობდა, რომ „რუსთავი 2“ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს მიტაცებულიო“, – განაცხადა წულუკიანმა.

ნიკა გვარამია მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და საბოლოო სასჯელის სახედ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით.