წულუკიანი: სააკაშვილი თუ მისმენს, ვეტყვი, ვერაფერსაც დაგვაკლებ

პუბლიკა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ „მაგნიტსკის სია“ მთავრობას და მმართველ გუნდს ვერ შეაშინებს.

„მიხეილ სააკაშვილი თუ მისმენს, ვეტყვი, ვერაფერსაც დაგვაკლებ – შენ ხარ კრიმინალი, ზიხარ იქ, სადაც უნდა იჯდე, კეთილი ინებე, მოიხადე ის სასჯელი, რომელიც მოგისაჯა საქართველოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა და რეფორმირებულმა სასამართლომ.

მე, როგორც იუსტიციის ყოფილ მინისტრს, მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ექთანს, თითოეულ ექიმს და სამედიცინო პერსონალს, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, ზრუნავს მიხეილ სააკაშვილის, ამ კრიმინალის ჯანმრთელობაზე. ეს არის ძალიან დიდი შრომა, როცა ასეთი უმძიმესი ქცევების მქონე, უპასუხისმგებლო ადამიანთან გაქვს საქმე, ამიტომაც ამ ადამიანებს ეკუთვნით ძალიან დიდი მადლობა.

რაც შეეხება სიას, ჩვენ მაშინ არ შევუშინებივართ ე.წ. სიას, როცა გვეუბნებოდნენ – დაგიჭერთ, დაგაპატიმრებთ, ამოგალპობთ ციხეში, ხელი არ აუკანკალდებოდა არავის, როცა ამას გვეუბნებოდნენ, ქართველ ხალხს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი კრიმინალი ბელადი, რომელიც ახლა სრულიად დამსახურებულად ბრძანდება ორპალატიან საკანში და პრეტენზიები აქვს“, – ამბობს ის.

მინისტრის კომენტარს მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.