XIX საუკუნის ბოლოს აშენებულ ოდა-სახლს სოფელ ხიდისთავში ძეგლის სტატუსი მიენიჭა

პუბლიკა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით,  ჩოხატაურში, სოფელ ხიდისთავში 1912-1914 წლებში აშენებულ ოდა-სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

კალანდაძეების კუთვნილი ოდა-სახლი მოხატული ინტერიერით გამოირჩევა. სახლის შესახებ დამატებით ინფორმაციას და ფოტოებს „იკომოს საქართველო“ავრცელებს.

„ოდა-სახლი სავარაუდოდ XIX საუკუნის ბოლოს, სოფელ ხიდისთავში, შემაღლებულ ადგილზეა აშენებული. გადმოცემის თანახმად, ოჯახის უფროსს, შეძლებულ ვაჭარს-გიგო კალანდაძეს მასალა და ავეჯი საფრანგეთიდან გამოუწერია.

საცხოვრებელი სახლი ორსართულიანია და კარგადაა მორგებული არსებულ რელიეფს. პირველი სართულისთვის ქვიშაქვის კვადრები, აგური, რიყის ქვა და კირის ხსნარია გამოყენებული. ქვითკირის მასიურ კედლებზე დაშენებულია ხის სართული, რომელიც ნაწილობრივ კარგად გათლილ ქვის სვეტებს ეყრდნობა. სახლი მთლიანად მარსელის კრამიტითაა გადახურული.

პირველ სართულზე არსებულ, კვადრატული ფორმის დიდ სათავსოს სამეურნეო ფუნქცია ჰქონდა, მეორე სართულზე კი სხვადასხვა ზომის ათი საცხოვრებელი ოთახი და ხის ჭვირული დეკორატიული ელემენტებით გაფორმებული ფართო, მოხატული აივანია. ასევე მოხატულია თითქმის ყველა ოთახის ჭერი და კედლები.

ინტერიერში მხატვრობა შესრულებულია პირდაპირ ხეზე, გრუნტის გარეშე, გამოყენებულია როგორც ზეთის, ასევე წყლის ბაზაზე დამზადებული საღებავები. ნახატი ძირითადად შაბლონური ხასიათისაა, ვხვდებით როგორც მოდერნის სტილის დახვეწილ ორნამენტებს, ასევე თემატურ და ხალხურ მოტივებზე შექმნილ კომპოზიციებს. ზოგან შემორჩენილია მოხატული იატაკის ფრაგმენტებიც. მეორე სართულის ოთახებში დეკორატიული ნაძერწობით მორთული ხუთი ბუხარია“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შენობის ფიზიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, დაზიანებები ძირითადად უკავშირდება მოუვლელობას. ასევე წყლის უკონტროლო ზემოქმედებას.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ვინაიდან კალანდაძეების ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი უნიკალურია თავისი არქიტექტურულ-მხატვრული მახასიათებლებით, ინტერიერის მხატვრობით, ქსოვილის მთლიანობითა და ავთენტურობის მაღალი ხარისხით, აუცილებელია მისი სათანადოდ შესწავლა, რესტავრაცია-რეაბილიტაცია და მომავალი თაობისთვის შენარჩუნება.

ფოტო: იკომოს საქართველო/ ნინო კორძახია, ლელა ნინოშვილი
ფოტო: იკომოს საქართველო/ ნინო კორძახია, ლელა ნინოშვილი
ფოტო: იკომოს საქართველო/ ნინო კორძახია, ლელა ნინოშვილი
ფოტო: იკომოს საქართველო/ ნინო კორძახია, ლელა ნინოშვილი
ფოტო: იკომოს საქართველო/ ნინო კორძახია, ლელა ნინოშვილი
ფოტო: იკომოს საქართველო/ ნინო კორძახია, ლელა ნინოშვილი

ICOMOS–ი, ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო, არის გლობალური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ასოცირებულია UNESCO-სთან. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ძეგლების, შენობათა კომპლექსების და ღირსშესანიშნავი ადგილების კონსერვაციას, დაცვას, გამოყენებას და განვითარებას.

LB loan image desktop LB loan image mobile