ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ მურუსიძესთან მისი შეხვედრის დეტალებით გამოძიება დაინტერესდა

პუბლიკა

ყოფილი მოსამართლე ანა ღელეყვა აცხადებს, რომ ის გამომძიებლებმა მოსამართლე ლევან მურუსიძესთან შეხვედრის დეტალებზე გამოკითხეს.

„ტელეკომპანია პირველისთვის“ მიცემულ კომენტარში ღელეყვა ამბობს, რომ გამომძიებლები დაინტერესდნენ მურუსიძესთან იმ შეხვედრით, რომლის შესახებაც ყოფილმა მოსამართლემ „სასამართლო გუშაგთან“ ინტერვიუში ისაუბრა. 

„გამოძიება დაინტერესდა ჩემი და ლევან მურუსიძის შეხვედრის დეტალებით, თუ სად მოხდა აღნიშნული შეხვედრა, ესწრებოდა თუ არა ვინმე, ასევე დაინტერესდნენ, მქონდა თუ არა ჩანაწერი და მე ეს რა თქმა უნდა, არ მაქვს, არ დავდივარ ჩამწერი მოწყობილებებით.

დავუდასტურე, რომ შევხვდი მურუსიძეს, მაინტერესებდა, რატომ არ დავინიშნე და მან მიპასუხა, რომ არ დაინიშნე იმიტომ, რომ არ დაუჭირე მხარი ჩვენს კანდიდატს კონფერენციაზე“, – განაცხადა ღელეყვამ.

ღელეყვას ინფორმაციით, გამომძიებლებმა მას უთხრეს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაციით გადაწყდება, დაიწყება თუ არა გამოძიება მურუსიძის წინააღმდეგ.

ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარებს. მურუსიძის თქმით, რაც განაცხადა ანა ღელეყვამ, დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, უარყოფს თუ არა ის ანა ღელეყვასთან შეხვედრას, მურუსიძე ამბობს, რომ ის არაფერს უარყოფს.

„არაფერს არ უარვყოფ, რაც გინდათ, ის თქვით. რაც თქვა ანა ღელეყვამ, არაფერს არ შეიცავს, არც დანაშაულის ნიშნებს და არაფერს.

ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ აშშ-ში არიან და გაუადვილდეთ მათ ოფიციალურად მიეცეთ თავშესაფარი. ეს ყველაფერი, ჩემი ღრმა რწმენით, მიმართულია იქითკენ და ერთი ადამიანის მიერაა მართული.

ყველაფერი, რასაც მაბრალებენ, ამოვა ზედაპირზე და ყველა მიხვდება, რომ რასაც მე ვიძახი, არის სიმართლე“, – ამბობს მურუსიძე TV პირველთან.


„არჩევანს შეწირული კარიერა“ – „სასამართლო გუშაგმა“ ამ სათაურით გამოაქვეყნა ინტერვიუ ყოფილ მოსამართლე ანა ღელეყვასთან.

„ანა ღელეყვა სისტემიდან სასამართლოს კლანმა გარიყა. ამ ინტერვიუში კარგად ჩანს, როგორ და რატომ“, – ნათქვამია ინტერვიუს დასაწყისში.

რას ამბობს ყოფილი მოსამართლე ინტერვიუში

ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ მას მოსამართლობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს. მუშაობდა სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.

მისივე თქმით წლების განმავლობაში, ის კვალიფიკაციის ასამაღლებლად მუშაობდა, მაგრამ კვალიფიკაციას გადანიშვნის დროს არ ითვალისწინებდნენ.

„მთავარი კრიტერიუმი მათდამი ერთგულება იყო. მე ეს პირდაპირ მითხრეს“, – ამბობს ის.

შეკითხვაზე, თუ ვისგან მოისმინა ეს, ანა ღელეყვა იხსენებს:

„როცა არ დამნიშნეს, საბჭოს მდივანთან ვითხოვე შეხვედრა. იმ დროს [ლევან] მურუსიძე გახლდათ და ვკითხე, რატომ? ამდენი წლის თავდაუზოგავი შრომა რატომ არ უნდა გაითვალისწინო? ძალიან პირდაპირ და გულწრფელად მიპასუხა: იმიტომ, რომ შენ გვერდით არ დაგვიდექი კონფერენციაზე საბჭოს წევრად ჩვენი კანდიდატის არჩევის დროსო. აბა, რაღა არჩევნებია, თუ ჩემი ნების შესაბამისად არ ვიმოქმედე-მეთქი? სხვებს, ვინც გვერდით დაგვიდგნენ, რა პასუხი გავცეთო – მომიგო. – მომავალში რა მოტივაცია ექნებათ [სხვა მოსამართლეებს] მხარდასაჭერადო? საერთოდ არ დაუმალავს ეს ამბავი“.

საკითხი, რომლის მხარდაჭერაზეც, ყოფილი მოსამართლის თქმით, ლევან მურუსიძე საუბრობდა, იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ლევან თევზაძის არჩევა. ანა ღელეყვა მხარს მეორე კანდიდატს, ეკატერინე გასიტაშვილს უჭერდა.

„მე ჩემმა ახლობელმა მოსამართლემ დამირეკა და მკითხა, ვის ვუჭერდი მხარს. ვუთხარი, რომ გასიტაშვილს. ასე აღმოვჩნდი გასიტაშვილის მხარდამჭერთა სიაში. შემდეგ მოსამართლე ლევან თევზაძე მოვიდა ჩემთან სამსახურში. ასე დადიოდნენ – საარჩევნო კამპანია ჰქონდათ. მასაც ვუთხარი, რომ შანსი უნდა მიგვეცა ახალი ძალისთვის. მესმის, რომ ჩემი მხრიდან გულუბრყვილობა იყო, მაგრამ მაშინ ასე მჯეროდა. კარგად მახსოვს ლევან თევზაძის სიტყვები დამშვიდობებისას: მომცემ ხმას, მოგცემ ხმასო.

ასე პირდაპირ არ მოქმედებენ. არაფერი დაუწუნებია. არც ის უკითხავს, ხმას ვის აძლევო. ძალიან ჭკვიანები არიან, ძალიან კარგად იციან წესები და სისხლის სამართალი. რბილად მოქმედებენ“, – იხსენებს ის.

ღელეყვა ამბობს, რომ მისი შთაბეჭდილებით, გადანიშვნის მეორე შანსს არჩევანის შეცვლის შემთხვევაშიც ვეღარ მიიღებდა.

ყოფილი მოსამართლის შთაბეჭდილებით, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ლევან მურუსიძეს არ მიუღია.

ამავე ინტერვიუში ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ ქუთაისის სასამართლოში მისი მუშაობისას სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრების დროს მოსამართლეების საქმეების შინაარსსაც განიხილავდნენ.