ყველაფერს გავარკვევთ მშვიდად, არავინ ბავშვის ხორცით აქ არ იკვებება - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

პუბლიკა

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის თქმით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ სიტუაციაში გარკვევას საპატრიარქოს მიერ შექმნილი კომისიაც შეეცდება, რომლის ერთ-ერთი წევრიც თავადაა.

მიტროპოლიტის თქმით, საპატრიარქო ნდობას უცხადებს და ხელს შეუწყობს სოციალურ მუშაკებს, რომ რამდენიმე დღით დარჩნენ პანსიონში და შეეცადონ გარკვევას, აღსაზრდელებიდან ვის აქვს პანსიონში დარჩენის სურვილი და ვის არა.

თუმცა, მისი თქმით, მხოლოდ აღსაზრდელების სურვილზე არ იქნება დამოკიდებული, წაიყვანენ თუ არა მათ პანსიონიდან, რადგნა სოცმუშაკებმა სხვა ფაქტორებიც უნდა გაითვალისწინონ. მათ შორის, რამდენად შეძლებენ ბავშვების მშობლები ან სხვა დაწესებულებები პანსიონის აღსაზრდელთა მიღებას.

მიტროპოლიტის თქმით, წუხელ აღსაზრდელთა გამოყვანა „არაჯანსაღი“ იყო და მათი მიზანია, პროცესის ცივილურად წარმართვა.

„სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან, პარლამენტარები. საპატრიარქოს კომისიაა ჩამოსული, მეც დღეს ჩავერთე აქტიურად ამ მოვლენებში. ამასობაში კი, მეუფე სპირიდონი და მისი თანამშრომლები აქ არიან ამ ბავშვებთან მუდმივად.

ჩვენ გვინდა, მოვილაპარაკოთ ასეთ რაღაცაზე. გავიგოთ თითოეული ბავშვი რას ფიქრობს, რა უნდა. იმის მიხედვით, სოცმუშაკები ამას ჩაინიშნავენ ინდივიდუალურად, სათითაოდ.

ჩვენ არ ვამოწმებთ სოცმუშაკებს და არც შეგვამოწმებინებენ თავს, ხომ სწორია?! სოცმუშაკები შემდეგ წაიღებენ ამ ანგარიშს და იმის მიხედვით გაარკვევენ იქ, შემხვედრი წინადადება როგორია. ამის შემდეგ ცივილურად, თუ ვინმე მართლა გადაწყვიტავს…

მეუფე სპირიდონი ამბობს, რომ ღამის 1 საათზე წაიყვანეს 6 ბავშვი. ჰოდა, ეს არაჯანსაღი რაღაცაა. ღამის 1 საათზე არაფერი ისეთი არ ხდება აქ. მინდა გითხრათ, რომ არავინ ბავშვის ხორცით აქ არ იკვებება…

ყველაფერს გავარკვევთ თანდათანობით, მშვიდად და წყნარად, როგორც უკეთესი იქნება ბავშვებისთვის, ისე გადავწყვეტთ“, – თქვა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა პანსიონში ჩასვლის შემდეგ.