ზელენსკი: რუსეთმა იქამდე იომა, რომ მისი მთავარი აღლუმიც კი ჩვენზეა დამოკიდებული

პუბლიკა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უგულებელყო და თავდასხმები გააგრძელა.

მისივე განცხადებით, კიევი მოსკოვს „სარკისებურად“ უპასუხებს.

„რუსეთმა ჩვენგან მიიღო მკაფიო წინადადება. მან იცის, როგორ დაუკავშირდეს უკრაინას ან ჩვენს პარტნიორებს დეტალების შესათანხმებლად. მაგრამ, თუ მოსკოვში იმ ერთადერთ ადამიანს, რომელსაც ომის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, მხოლოდ ერთი აღლუმი [გამარჯვების დღეს] აინტერესებს და მეტი არაფერი, ეს სხვა საკითხია. უკრაინა მზად არის, იმუშაოს მშვიდობისთვის. უკრაინა ისწრაფვის ამ ომის ღირსეული დასრულებისკენ. რუსეთმა იქამდე იომა, რომ მისი მთავარი აღლუმიც კი ახლა ჩვენზეა დამოკიდებული. და ეს არის მკაფიო სიგნალი: დროა, ეს ყველაფერი დასრულდეს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

9 მაისს მოსკოვში „გამარჯვების დღის“ ტრადიციული აღნიშვნაა დაგეგმილი. ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინს ეშინია, რომ შესაძლოა, უკრაინა რუსეთს დრონებით თავს დაესხას.

კრემლმა კიევს შესთავაზა დროებითი ზავი 8-9 მაისისთვის.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ წინადადებას „ცინიკური“ და „თეატრალური წარმოდგენა“ უწოდა, რომელიც პირველ რიგში აღლუმის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მოსკოვის შესაძლო უკრაინული დარტყმებისგან დაცვას ისახავდა მიზნად.

უკრაინამ რუსეთს ზავის 6 მაისიდან დაწყება შესთავაზა. კიევის შეფასებით, ეს რუსეთის ნამდვილი ნების გამოცდა იქნებოდა ცეცხლის შეწყვეტის პროცესში.

თუმცა, როგორც ზელენსკი ამბობს, რუსეთმა ეს შეთავაზება რამდენიმე საათში უგულებელყო – უკრაინის რამდენიმე რეგიონში 1800-ზე მეტი დარტყმა და თავდასხმა დაფიქსირდა, მათ შორის დონეცკის, ხარკოვის, დნიპროპეტროვსკის, სუმის, ჩერნიგოვის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში.

„რუსეთს არ შეუწყვეტია არცერთი სახის სამხედრო აქტივობა“, – თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ უკრაინა რუსეთის ქმედებებს „სარკისებურად“ უპასუხებს და „სრულად გამართლებულ რეაქციას“ 7 მაისის განმავლობაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე განსაზღვრავს.

რუსეთმა უკვე შეამცირა 9 მაისის აღლუმის მასშტაბები. სახელმწიფო მედია და ოფიციალური პირები მიანიშნებენ, რომ შესაძლოა 2007 წლის შემდეგ პირველად არ გამოიყვანონ მძიმე სამხედრო ტექნიკა, როგორიცაა ტანკები და ჯავშანტექნიკა. რუსეთის ხელისუფლებამ მიზეზად „ოპერატიული ვითარება“ დაასახელა, ზელენსკიმ კი მიანიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღმა უკრაინული დრონების თავდასხმის შიში დგას.

„თუ ეს მოხდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა მრავალი წლის განმავლობაში, მათ არ აქვთ სამხედრო ტექნიკის ფუფუნება, და ეშინიათ, რომ შეიძლება წითელ მოედანზე დრონებმა გადაიფრინონ“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 მაისს ევროპული თანამეგობრობის სამიტზე, რომელიც ერევანში გაიმართა.

ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა მსოფლიო ლიდერებსა და იმ ქვეყნებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინის წინადადებას სრული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და აღნიშნა, რომ კიევი კვლავ მზად არის, იმუშაოს მშვიდობისა და ომის ღირსეული დასრულებისთვის.