ზესტაფონში სპორტული სკოლის ბუღალტერი უკანონოდ დაეუფლა 86 699 ლარს - პროკურატურა

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ბრალდება წარედგინა ზესტაფონში სპორტული სკოლის ბუღალტერს, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 86 699 ლარს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა რომ ა(ა)იპ „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სიმონ საყვარელიძის სახელობის სპორტული სკოლის“ ბუღალტერმა, ამავე ორგანიზაციაში დასაქმებულ პირთა მონაცემების გამოყენებით, მივლინების და სპორტული ღონისძიების ხარჯის დანიშნულებით, სახელმწიფო ორგანიზაციის ხაზინიდან სხვადასხვა დროს პირად ანგარიშებზე უკანონოდ ჩაირიცხა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ჯამში 86 699 ლარს.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში იმყოფებოდა) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.