ზურა დათუნაშვილმა 32 წლის ასაკში კარიერა დაასრულა

პუბლიკა

ზურა დათუნაშვილმა კარიერა დაასრულა.

ამის შესახებ განცხადება სპორტსმენმა ფეისბუკზე გაავრცელა.

„ტოკიოს ოლიმპიადის დასრულების შემდეგაც ჩემი მთავარი მიზანი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა იყო და მისთვის მზადების პროცესში ვიყავი. თუმცა საზოგადოების ნაწილისთვის ცნობილია, რომ გასულ ზაფხულს შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემა და დამჭირდა სასწრაფო ოპერაციაც.

სამწუხაროდ, პარიზის ოლიმპიადამდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვეღარ ვასწრებ ფორმის აღდგენას და 32 წლის ასაკში მიწევს აქტიური სპორტსმენის კარიერა დავასრულო”. – წერს სპორტსმენი.


ზურაბ დათუნაშვილს 2019 წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში  მომხდარი დაპირისპირებისას, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ბლაგვი საგანი ჩაარტყა. გეგეშიძე ძალადობის ბრალდებით 22 იანვარს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. მოსამართლემ გეგეშიძის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ზურაბ დათუნაშვილი კი საქართველოში ჭიადობის ფედერაციის პრეზიდენტის გადაყენებას უშედეგოდ ითხოვდა. ის ასევე საუბრობდა ფედერაციაში არსებულ შესაძლო კორუფციაზე. გეგა გეგეშიძე 2020 წელს კიდევ ერთი ვადით აირჩიეს ფედერაციის პრეზიდენტად. ზურაბ დათუნაშვილმა კი, რომელმაც საქართველოს ევროპის ოქროს მედალი ორჯერ მოუტანა (2016-17 წლებში), საქართველოს ნაკრები 2019 წელს დატოვა. მას შემდეგ იგი სერბეთის სახელით ასპარეზობდა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.