ზურაბ დათუნაშვილი 2022 წლის სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა

პუბლიკა

ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი 2022 წლის სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.

სერბეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა მსოფლიოს ორგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ზურაბ დათუნაშვილი რამდენიმე ნომინანტს შორის, ასევე ტიტულოვან სპორტსმენებში გამოარჩია.

სერბეთის წლის საუკეთესო სპორტსმენის ნომინანტებს შორის ლეგენდარული ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩიც იყო.

ზურაბ დათუნაშვილის თქმით, 2019 წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში  მომხდარი დაპირისპირებისას, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მას ბლაგვი საგანი ჩაარტყა. გეგეშიძე ძალადობის ბრალდებით 22 იანვარს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. მოსამართლემ გეგეშიძის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ზურაბ დათუნაშვილი კი საქართველოში ჭიადობის ფედერაციის პრეზიდენტის გადაყენებას უშედეგოდ ითხოვდა. ის ასევე საუბრობდა ფედერაციაში არსებულ შესაძლო კორუფციაზე. გეგა გეგეშიძე 2020 წელს კიდევ ერთი ვადით აირჩიეს ფედერაციის პრეზიდენტად. ზურაბ დათუნაშვილმა კი, რომელმაც საქართველოს ევროპის ოქროს მედალი ორჯერ მოუტანა (2016-17 წლებში), საქართველოს ნაკრები 2019 წელს დატოვა.