ზურაბიშვილი „ოცნებას": არ გაგაჩნიათ არც ევროპული და არც ეროვნული სულისკვეთება

პუბლიკა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახალ ინიციირებას უარყოფითად აფასებს.

მისი თქმით, მმართველი პარტია საქართველოს ევროკავშირისკენ სვლის საბოტაჟით არის დაკავებული.

გამოსავალი კი, პრეზიდენტის თქმით, არჩევნებზე პასუხის გაცემა იქნება.

„ყველაზე მოსალოცი ის არის, რომ თქვენ ის შეძელით (ბოდიშს ვიხდი ბატონ პაპუაშვილთან, რომ ამ ტერმინს ვხმარობ, მაგრამ) – რუსული კანონის ინიციირება, დაგემთხვიათ 31 მარტიდან 9 აპრილამდე კვირისთვის, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიისთვის დატვირთულია ეროვნული სულისკვეთებით.

მაგრამ ეს ხომ თქვენ არ გაგაჩნიათ, არც ეროვნული და არც ევროპული [სულისკვეთება]. დღეს ეს ორი ცნება – ეროვნული და ევროპული ერთად არის, ამის გამიჯვნა შეუძლებელია და ეს ძალიან კარგად ესმის ქართულ საზოგადოებას. თქვენ არ გინდათ, დაინახოთ, არ გინდათ, მოისმინოთ, რომ ერთიანია საქართველოს საზოგადოება ამ მიმართულებით – დამოუკიდებლობა გავამყაროთ, რუსეთი არასდროს დაბრუნება აქ”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

„ქართული ოცნება“ პარლამენტში რუსულ კანონს აბრუნებს. ანალოგიური კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დააინიციირა. თუმცა, მარტში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.

წლევანდელი კანონპროექტი შარშანდლის იდენტურია, ყველა ჩანაწერი უცვლელია, გარდა ერთისა – ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია”.

მმართველი პარტიის მიზანია, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია, რომელთაც დაფინანსების ნაწილი საერთაშორისო წყაროებიდან აქვთ მიღებული, – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად” გამოაცხადონ და შესაბამის ბაზაში რეგისტრაცია დაავალდებულონ. სახელმწიფოს ენიჭება ორგანიზაციების დაჯარიმების უფლებამოსილება.

სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიებს.

„უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია” შესაძლოა, გაიგივდეს „უცხოელ ჯაშუშთან” და „მოღალატესთან”, რაც მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, დააზიანებს მათ რეპუტაციას და სერიოზულად შეაფერხებს მათ აქტივობებს.