ზურაბიშვილის როლი მომდევნო კვირებში შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს - კრამონი

პუბლიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის როლი მომდევნო კვირებში შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს. ამის შესახებ ის Tweeter-ზე წერს. კრამონი აშეარებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას – „ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია” და წერს:

„საქართველოს პრეზიდენტის მნიშვნელოვანი განცხადება. მისი როლი შესაძლოა, მომდევნო კვირებში გადამწყვეტი იყოს“, – წერს კრამონი.

გუშინ ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ პროკურატურა ამზადებს ნიადაგს ახალ სისხლის სამართლის საქმეებზე, იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.

„სანდო წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას გაგანდობთ. იმდენად აღარ ენდობიან ამ ქალბატონს [სალომე ზურაბიშვილს], რომ პროკურატურაში რამდენიმე ტოპ პროკურორს ახალი სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში სასწრაფოდ ნიადაგის მომზადება დაავალეს იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. ეს შეიძლება გაკეთდეს 5 წუთში იმ საქმეებზე, რაზეც განაჩენი დგას. „ქართულ ოცნებას” რომ ჰქონდეს სათადარიგო რაღაც საქმე, ესეც სასოწარკვეთის მანიშნებელია. ძალიან სარწმუნო ინფორმაციაა”, – აცხადებს მელია.


„ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი დეპუტატი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოლოდინი არ არსებობს.