3 თვის ჩვილის მკვლელობისა და მეუღლის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პუბლიკა

პოლიციამ 1996 წელს დაბადებული ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების მიხედვით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მეუღლესა და შვილთან ერთად სტუმრად მყოფმა ი.ნ.-მ ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა შვილს – 2019 წელს დაბადებულ ქ.ნ.-ს, რომელიც ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა ასევე ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლეს – 1996 წელს დაბადებულ შ.ც.-ს. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

პოლიცია აცხადებს, რომ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ბ” და „დ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

LB loan image desktop LB loan image mobile