რაღაც 10%-იანი შანსია, უმრავლესობამ სააკაშვილის საქმეზე კომისიას მხარი დაუჭიროს - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 10%-იანი შანსია, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას უმრავლესობამ მხარი დაუჭიროს. ამის შესახებ კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

გადაცემა „თავისუფალი სტუდიის“ წამყვანი დაინტერესდა, დატოვებს თუ არა კობახიძე ძალაში დაპირებას, რომ თუკი კომისიის შექმნას უმრავლესობის ხმებიც დასჭირდება, „ოცნება“ ამაში ოპოზიციას ხელს შეუწყობდა.

კობახიძის თქმით, უმრავლესობა ამ საკითხს განიხილავდა იმიტომ, რომ დადგენილიყო, რომ სააკაშვილი არავის უწამებია. „ასეთი დაშვება ჩვენ გავაკეთეთ, ეს არის დაშვება იმისა, რომ ასეთ რაღაცაზე შეიძლება, ვიმსჯელოთ“, – თქვა მან.

მმართველი პარტიის თავმჯდომარეს არ ჰგონია, რომ უმრავლესობა ოპოზიციას მხარს დაუჭერს. მისი თქმით, იმსჯელეს და უმრავლესობის პოზიცია ამ ეტაპზე ასეთია.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთხელ იმსჯელებს ორშაბათს, სასესიო კვირის დასაწყისში ტრადიციულ შეკრებაზე.

„ერთი მსჯელობა, ალბათ, კიდევ შედგება. ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა მანამდე, სამშაბათამდე, თუმცა რასაც ვუყურებ, ალბათ, რაღაც 10%-იანი შანსი არის, რომ ასეთ კომისიას მხარი დაუჭიროს უმრავლესობამ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


იმ შემთხვევაში თუ „ლელოს“ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტენ, შესაძლოა, ოპოზიციამ კომისიის შექმნისთვის საჭირო 50 ხმა ვეღარ მოაგროვოს.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია, „გირჩი“, „ლელო“, „რეფორმების“ ჯგუფი“. ბადრი ჯაფარიძის გამოკლებით ამ ფრაქციების დეპუტატთა რაოდენობა 49-ს შეადგენს.

კომისიისთვის მხარის დაჭერას არ აპირებენ „მოქალაქეები“, გახარიას გუნდის წევრები და „ევროპელი სოციალისტები“.