12 მოსამართლეს დიპლომის აღიარება მოპოვებული აქვს სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე - კვლევა

პუბლიკა

ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ აქვეყნებს კვლევას – „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა განათლების ხარისხის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან“. კვლევის ავტორები ანა თვარაძე და კარლო ნიკოლეიშვილი არიან.

საერთო სასამართლოს მოსამართლეთა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომების კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი მიგნებები:

    • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ წარმოადგენს უფლებამოსილ უწყებას, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა, შესაძლებლობა და კვალიფიკაცია შეაფასოს და დაადასტუროს როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომის ნამდვილობა, ისე მაგისტრის ხარისხთან გათანაბრება. საქართველოს კანონმდებლობით ასეთ უწყებად გვევლინება სსიპ „განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრი“. მიღებული უმაღლესი იურიდული განათლების „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატს ასევე უნდა მოსთხოვოს სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ დადასტურება (განსაკუთრებით 2005- 2006 წლებამდე პერიოდში გაცემული დიპლომების შეფასების მიზნით).
    • მოსამართლეთა მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენილი დიპლომის ასლების უმრავლესობაში მითითებული არ არის სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა – აღნიშნულია მხოლოდ უნივერსიტეტში ჩარიცხვისა და სწავლის დასრულების პერიოდი. ამასთან, საბჭოში არ მოიპოვება დიპლომების დანართების ასლები, რაც კიდევ უფრო ნაკლებად ხდის შესაძლებელს შეფასდეს კანდიდატის მიერ გავლილი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა, მოცულობა და თუნდაც, შინაარსი. მხოლოდ სწავლის ხანგრძლივობის ცოდნით, შეუძლებელია მოსამართლის მიერ გავლილი საუნივერსიტეტო პროგრამის მოცულობის, შინაარსის და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების დადგენა.
    • გაურკვეველია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო რა მეთოდით აფასებს იმ დიპლომების მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების საკითხს, რომლებშიც მითითებული არ არის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის პერიოდი და პროგრამის ხანგრძლივობა.
    • მოსამართლეების ნაწილს, კერძოდ, მაკა გველესიანს, ლევან გელოვანს, ინდირა მაშანეიშვილს, დავით ნარიმანიშვილს, არარატ ესოიანს, ნინო ბუაჩიძეს, მაია გიგაურს, ლელა ცანავას,6 ანაიტ ოგანესიანს, მადონა მაისურაძეს, დავით სვანაძეს და მაკა ჭედიას უმაღლესი იურიდიული განათლების დიპლომის დადასტურება/აღიარება/მაგისტრის ხარისხთან გათანაბრება სსიპ „განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრისგან“ მოპოვებული აქვთ სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე. კრიტიკას ვერ უძლებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განვითარებული პრაქტიკა და სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში გამოვლენილი შეხედულებები.
    • ლევან გელოვანის, მაკა გველესიანის და ინდირა მაშანეიშვილის განცხადებების საფუძველზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სსიპ „განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულმა ცენტრმა“ როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, ისე ცენტრალურ საარქივო დონეზე ვერ მოიპოვა მოსამართლეთა მიერ უმაღლესი განათლების მიღების ფაქტების დამადასტურებელი ინფორმაცია. ფაქტობრივად, თბილისის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ცენტრი უნდა დაყრდნობოდა მხოლოდ თავად განმცხადებლების მიერ წარდგენილ ინფორმაციას, უმეტესად, მოწმეთა ჩვენებებს, დიპლომების და დანართების ასლებს, ასევე პროფესიული საქმიანობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. სასამართლომ გააუქმა სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ უარი და დაავალა მოსამართლე მაკა გველესიანის, ლევან გელოვანის და ინდირა მაშანეიშვილის დიპლომების დადასტურება და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრება.
    • სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს“ დაევალა მოსამართლე მაია გიგაურის და ლელა ცანავას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის მიერ გაცემული დიპლომების დადასტურება ან/და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრება მაშინ, როდესაც თავად უნივერსიტეტის განმარტებით, ამ ფაკულტეტის პირდაპირ დანიშნულებას წარმოადგენდა ჰუმანიტარული საერთო განათლების მიღება და იგი კვალიფიკაციის ან ხარისხის მინიჭებას არ ითვალისწინებდა. ამავე ფაკულტეტის დიპლომი აქვს წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ალავიძეს.
    • სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“ დაევალა მოსამართლე ანაიტ ოგანესიანის მიერ ერევნის ქ. ქრქორიანის სახელობის ეკონომიკურიურიდიულ უნივერსიტეტში მიღებული განთლების (კურსი დაამთავრა 1997 წელს) აღიარება და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრება მაშინ, როდესაც „Armenic-National Information Center For Academic Recogniton And Mobility“-ის მიერ ცენტრისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ერევნის ეკონომიკურ-იურიდიული უნივერსიტეტი სომხეთის რესპუბლიკაში კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული იყო 2001 წლიდან. შესაბამისად, 2001 წლამდე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტი არ წარმოადგენდა სახელმწიფო ნიმუშის დიპლომს და არ იყო აღიარებული სომხეთის რესპუბლიკაში.
    • უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით, კითხვის ნიშნები არსებობს მოსამართლე დალი მეტრეველის დიპლომის მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებასთან დაკავშირებით, ვინაიდან წარმოდგენილი და შესწავლილი დოკუმენტაციის თანახმად, ის 4 წლის განმავლობაში სწავლობდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
    • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება არასწორად არის მითითებული მოსამართლე გია ბერაიას, მაკა გორგოძის, ქეთევან ჯაჭვაძის, გიორგი გრატიაშვილის, ეკატერინე გაბრიჩიძის, თეა ბერაიას და თემურ გოგოხიას დიპლომებში.
    • საარქივო დოკუმენტებში არ ფიქსირდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი წლიდან ახორციელებდა სამართალმცოდნეობის/ სამართლის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომლის მიერ გაცემული დიპლომიც საბჭოსთვის წარდგენილი აქვს მოსამართლე ნათია გუდაძეს. ამავე დიპლომზე დატანილია მხოლოდ რექტორის ხელმოწერა, რაც არ პასუხობს დიპლომის ფორმისთვის დადგენილ სტანდარტებს.
    • მოსამართლე გელა ქირიას და ლელა კალიჩენკოს მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილი დიპლომები, გაცემულია სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.
    • ტექნიკური ხასიათის შეცდომები ფიქსირდება მალხაზ ოქროპირაშვილის, ტარიელ ტაბატაძის, მერაბ ღვინიაშვილის, ირაკლი ბონდარენკოს, ხათუნა ნადიბაიძის, როინ კახაძის, შალვა გოცირიძის და ლელა ჭინჭარაულის დიპლომებში. მათგან ყველაზე პრობლემატურად შეიძლება შეფასდეს უკანასკნელი ორი შემთხვევა. შალვა გოცირიძის დიპლომზე უნდა იყოს დასმული სამი ხელმოწერა (საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის, რექტორის და მდივნის), თუმცა დოკუმენტზე მხოლოდ ორი ხელმოწერა იკითხება. ხოლო მოსამართლე ლელა ჭინჭარაულის დიპლომზე არ არის დასმული ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერა.

ორგანიზაციის კვლევას სრულად გაეცანით ბმულზე.


კვლევის ერთ-ერთ მთავარ კითხვას წარმოადგენს, შეესაბამება თუ არა საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეთა განათლების ხარისხი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კითხვაზე პასუხის გასაცემად და დასკვნის მოსამზადებლად, „უფლებები საქართველოს“ კვლევითმა გუნდმა გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, ასევე გააანალიზა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და მოახდინა მიღებული შედეგების სინთეზირება.

კვლევაზე მომუშავე გუნდმა საჯარო ინფორმაცია/დოკუმენტაცია გამოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოდან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან“ და სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან“. შეგროვებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ანალიზი გუნდმა განახორციელა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების გათვალისწინებით. კვლევის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ“ მოიპოვა საქართველოს საერთო სასამართლოს 299 მოსამართლის განათლების შესახებ ინფორმაცია, რომელთა შორისაც 21 მოსამართლე უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ხოლო დანარჩენი 278 მოსამართლე პირველ ინსტანციასა და აპელაციაში.

კვლევა მომზადდა პროექტის – „მოსამართლეთა დიპლომების, სამეცნიერო დისერტაციების, ფინანსური დეკლარაციებისა და სოციალურ ქსელებში განხორციელებული აქტივობების კვლევა“ – ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით.