ჩვენ რეზოლუციით ძალიან ხმამაღალი პოზიცია გამოვხატეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე - კობახიძე

პუბლიკა

„ჩვენ რეზოლუციით ძალიან ხმამაღალი პოზიცია გამოვხატეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, აპირებს თუ არა კობახიძე უკრაინაში ვიზიტს, პარტიის ლიდერი პასუხობს, რომ ის არ აპირებს. კიდევ ერთ შეკითხვაზე, ხედავს თუ არა მმართველი პარტია წარმომადგენლის გაგზავნის საჭიროებას, კობახიძე პასუხობს, რომ ისინი აკვირდებიან და იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები.

„ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან გვაშფოთებს ის მდგომარეობა და ტენდენცია რომელსაც ვხედავთ უკრაინაში – საკმაოდ მაღალია ესკალაციის რისკები. ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა არის ის, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ომის არდაშვებაში, რაც არ არის მარტივი. საერთაშორისო თანამეგობრობის სურვილიც ეს უნდა იყოს. მარტივი არ არის ამის მიღწევა. ჩვენ დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და რა თქმა უნდა, ამის მიხედვით გვექნება ნებისმიერ შესაძლო ქმედებებზე ჩვენი რეაქცია“, – განაცხადა კობახიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, მათ შორის, მიმართა უკრაინაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს:

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საჭიროების შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და აქაც დავაკვირდებით ყოველდღიურად მოვლენებს და ამის მიხედვით გადაიდგმება ყოველი ნაბიჯი“, – აღნიშნა კობახიძემ.


საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ტექსტში რუსეთის ხსენების გარეშე 1 თებერვალს მიიღო. რეზოლუციას მხარი 74 დეპუტატმა დაუჭირა. რეგისტრაცია 107 დეპუტატს ჰქონდა გავლილი.

მიუხედავად ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკისა და მოთხოვნისა, რეზოლუციის ტექსტში ნახსენები ყოფილიყო რუსეთი, როგორც აგრესიის წყარო, მმართველმა გუნდმა ტექსტი კენჭისყრაზე უცვლელად გაიტანა.