14 სექტემბერი | კორონავირუსის ახალი შემთხვევების მიმოხილვა

პუბლიკა

StopCov.ge-ის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 165 შემთხვევა გამოვლინდა. ეს რაოდენობა საქართველოში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დილით ჟურნალისტებთან ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ახალი შემთხვევები ასე გადანაწილდა:

• აჭარა/ბათუმში – 109;
• თბილისში – 17;
• სამეგრელო-ზემო სვანეთი/ზუგდიდში – 9;
• ქვემო ქართლი/გარდაბანში – 9;
• შიდა ქართლი/გორში – 6;
• კახეთი/გურჯაანში – 6;
• გურია/ოზურგეთში – 4;
• იმერეთი/ქუთაისში – 4;
• მცხეთა-მთიანეთი/მცხეთაში – 1.

მოგვიანებით, აჭარის რეგიონში ეპიდსიტუაცაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა.

შავიშვილის განცხადებით, აჭარაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 2500-ზე მეტი ტესტი ჩატარდა, მათგან დადასტურდა 108 ახალი შემთხვევა. რაც შეეხება ინფიცირებულთა კლასტერებს, შავიშვილის თქმით, ვირუსის ფართო გავრცელების გამო, ცალკეულ კლასტერებს აღარ გამოყოფენ.

„ჰოსპიტალურ ქსელში ამ დროისთვის არის 238 პაციენტი, საკარანტინო კოვიდსივრცეში გადაყვანილია 97 უსიმპტომო პირი.

რაც შეეხება კლასტერებს, კლასტერული ხედვა აღარ არის, რადგან არის გავრცელება და აღარ იქნება ჩანიშნული ასე, საზოგადოების ყველა ფენაშია გასული გავრცელება“, – თქვა შავიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ინფიცირებული პირებიდან შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის 2 და საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს 1 თანამშრომელია.

უწყების ინფორმაციით, თანამშრომლების ტესტების პასუხები 12-13 სექტემბერს გახდა ცნობილი.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის სამშობიარო სახლში 7 ორსული კოვიდინფიცირებული პაციენტი მოათავსეს. 

„7 ფეხმძიმე გვყავს კლინიკაში მოთავსებული, მათ მდგომარეობა არის სტაბილური. ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ფეხმძიმე ქალბატონები გუშინ და დღეს შემოიყვანეს. შეგვიძლია 22 პაციენტის მიღება“, – აცხადებენ კლინიკაში.

ქვემო ქართლის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის ცნობით, ბოლო 24 საათში, ქვემო ქართლში „კოვიდ-19“-ის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 6 გარდაბანში, 5 კი რუსთავში.

რუსთავში დაფიქსირებული შემთხვევები აჭარაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება. გარდაბანში ინფიცირების შემთხვევა კი, ოჯახის წევრებს უკავშირდებათ. მათი ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია.

ასევე, „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 2200 მასწავლებელი აღირიცხა, ვინც აგვისტოს მეორე ნახევრიდან აჭარაში იმყოფებოდა და უფასო PCR-ტესტირებას დაექვემდებარა.

„პარასკევს, შაბათს და კვირას გამოვიკვლიეთ 808 ასეთი მასწავლებელი, ქვეყნის მასშტაბით და 6 შემთხვევაში დაგვიდასტურდა ინფიცირება. რა თქმა უნდა, დაიწყო ამ მასწავლებლების იზოლირება, საავადმყოფოებში გადაყვანა და ეს გრძელდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის კლასტერის კვლევა უკვე დასრულდა.

დღეს გახდა ცნობილი, რომ ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორს, ბუღალტერსა და საქმეთა მმართველს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ინფიცირების წყარო ე.წ. 32-ე სკოლის კლასტერია. როგორც 24-ე სკოლის დირექტორი განმარტავს, მის თანამშრომელს კონტაქტი ჰქონდა 32-ე სკოლის ბუღალტერთან და ინფიცირებაც აქედან მოხდა.

პაციენტები საჩხერისა და და ქუთაისის სამედიცინო ცენტრებში არიან გადაყვანილი. შემოწმდა სკოლის 45 თანამშრომელი, ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდსა და ჩხაკაურასთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან მოეწყო საკონტროლო პუნქტები.

„ყველა შემსვლელი და გამსვლელი ამ მუნიციპალიტეტებში დაექვემდებარება ტესტირებას და თერმოსკრინინგს. ამ სოფლებში 1 ოქტომბრამდე სწავლა გაგრძელდება დისტანციურად“, – დღეს განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა.