14 წლის გოგოს ტრაგედია სისტემაში არსებულ უმწვავეს პრობლემებს აჩვენებს | სოცმუშაკთა გაერთიანება

პუბლიკა

დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“ დიდ მწუხარებას გამოთქვამს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

სოცმუშაკთა გაერთიანებაში ამბობენ, რომ მოცემული ტრაგედია კიდევ ერთხელ გვახსენებს ქვეყნის ბავშვთა დაცვის სისტემაში არსებულ უმწვავეს პრობლემებს.

„როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით იკვეთება, არასრულწლოვანთან მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყება,მიუხედავად ამისა, ვერცერთმა მათგანმა შეძლო სათანადოდ ბავშვის დაცვა შესაძლო რისკებისგან. არასრულწლოვანმა ვერ მიიღო ადეკვატური და სათანადო მხარდაჭერის სერვისები, რამაც სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა იგი.

ხაზგასასმელია, რომ ქვეყანაში არ ხდება „სოციალური მუშობის შესახებ“ კანონის დროულად და ეფექტიანად აღსრულება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა სოციალური დაცვს სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლის სოციალური მუშაკის ინსტიტუტს და დაიცავდა არასრულწლოვნებს ძალადობისა თუ სხვა რისკებისგან. კერძოდ,

• ამ დრომდე არ არსებობს გადაუდებელ შემთხვევებზე 24 საათიანი რეაგირების მექანიზმი, რაც გულისხმობს იმას, რომ სოციალურ მუშაკს არ გააჩნია კრიზისულ სიტუაციაში სამოქმედო გაიდლაინი და არ ჰყავს სატრანსპორტო საშუალება გადასაადგილებლად.

• ამ დრომდე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში დასაქმებულია 50-ით ნაკლები სოციალური მუშაკი, მიუხედავად კანონის მითითებისა, რაც იწვევს ერთ სოციალურ მუშაკზე საქმეთა გადაჭარბებულ რაოდენობას, რაც საშუალოდ გულისხმობს თვეში 100-დან 200 შემთხვევაზე მუშაობას, “- ნათქვამია „სოცმუშაკთა გაერთიანების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ სისტემაში არსებობს ფსიქოლოგის კადრის კრიტიკული დეფიციტი. ბენეფიციარებს ხშირად რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე უწევთ მომსახურების მიღების ლოდინი.

„მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სექსუალურ ძალადობებზე დროული და ადეკვატური რეაგირება. სექსუალური ძალადობის მსხვერპლენი ხვდებიან არადაპტირებულ გარემოში სათანადო ფსიქო-სოციალური მომსახურებების გარეშე.

აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ უწყებების მხრიდან არ ხდება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების განსახორციელებლად კოორდინირებული მუშაობა.

არსებულ ეკონომიკურ და პატრიარქალურ სისტემაში განსაკუთრებით საყურადღებოა ქალთა და გოგონათა დაცვა ძალადობისგან და მათი მხარდაჭერა. გენდერული ნიშნით სპეციფიკას უნდა ითვალისწინებდეს არასრულწლოვანთან მომუშავე ყველა რგოლი., “- ამბობენ სოცმუშაკები.

ისინი მოუწოდებენ მედიას მოცემული საკითხის გაშუქებისას იხელმძღვანელონ ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესების შესაბამისად.