16 მარტამდე ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში შეწყდება სწავლა - მთავრობა

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, სასწავლო პროცესი 2-დან 16 მარტამდე უკვე შეწყდა საქართველოს ყველა საჯარო სკოლასა და სააღმზრდელო დაწესებულებაში, ასევე – რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში.

ამ გადაწყვეტილების კერძო სკოლებზე, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებზე სავალდებულოდ გავრცელების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, 16 მარტამდე ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის თაობაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სასწავლო დაწესებულებებმა პროფილაქტიკის მიზნით უნდა ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირებულია კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 3 შემთხვევა. ექიმების ცნობით, ინფიცირებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღესდღეობით კარანტინში იმყოფება 150-მდე ადამიანი.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რეკომენდაცია გასცა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დანიშნულების დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, გადაუდებელი საჭიროებების გარდა, თავი აარიდონ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში მოგზაურობას, იქ, სადაც არსებული მონაცემებით, ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.